დიდ დიღომში, ავთანდილის N8-ში მდებარე კორპუსის მეექვსე სართულის ტექნიკური მდგომარეობა წარმოადგენს მესამე ხარისხის დაზიანებას, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი პირველი ხარისხისაა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია ვებგვერდზე ავრცელებს.
„გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობის შესასწავლად ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტების მიერ ჩატარებული იქნა შესაბამისი სამუშაოები. სამუშაოების ჩატარების საფუძველზე მომზადებული იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მეექვსე სართულის ტექნიკური მდგომარეობა წარმოადგენს მესამე ხარისხის დაზიანებას, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი პირველი ხარისხისაა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დასკვნა და რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურებშია გადაგზავნილია.
შეგახსენებთ, 16 იანვარს, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 8 ადამიანი. მათგან საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება ერთი მცირეწლოვანი, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასწირდა. შემთხვევა სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.