უნაწილდებოდათ თუ არა დევნილებს ბინები არასამართლიანად სოზარ სუბარის მინისტრობის დროს – ამ საკითხზე ლტოლვილთა ყოფილმა მინისტრმა, ახლა უკვე უმრავლესობის წევრმა დღეს ისაუბრა და მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც უწყებას ხელმძღვანელობდა, ხელშეკრულება 35 ბინაზე დაიდო და მაშინ მშენებლობა მხოლოდ დაწყებული იყო, შემდეგ კი, როდესაც სამინისტრო გაუქმდა, კიდევ 109 ბინაზე გაფორმდა ხელშეკრულება:
“ჩემი მინისტრობის დროს 35 ბინაზე დაიდო ხელშეკრულება და მაშინ მშენებლობა მხოლოდ დაწყებული იყო, შემდეგ, როდესაც სამინისტრო გაუქმდა, გაფორმდა კიდევ 109 ბინაზე ხელშეკრულება. ეს 109 ბინა დამთავრდა, სამინისტრომ მთლიანად გადაუხადა თანხა მშენებელს.
ეს ყველაფერი ხდება ჩემს შემდეგ. დევნილებს მიეცა ბინები, მაგრამ იმის გამო, რომ მშენებელმა კომპანიამ მერიასთან მიღება-ჩაბარების აქტი ვერ გააფორმა, სამინისტრო იძულებული გახდა ხელშეკრულება გაეწყვიტა. როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს 144 დევნილი ოჯახი სამინისტრომ სხვაგან დააკმაყოფილა”, – თქვა სუბარმა.
სუბარის განცხადებითვე, მისი მინისტრობის პერიოდში კორუფციის ნიშნები არ ყოფილა, რადგან ხელშეკრულება არ იყო დადებული:
“მიმდინარეობს დავა ამ კონკრეტულ კომპანიასთან, რომ უკან დაუბრუნოს თანხა სახელმწიფოს. ის, რომ ეს კომპანია თანხას არ აბრუნებს, ეს არის დარღვევა ამ კომპანიის მხრიდან და როგორც ვიცი, პროკურატურაში საქმე ამაზე გადაგზავნილია.
რაიმე კორუფციის ნიშნები ჩემს შემდგომ პერიოდში არ არის და ჩემს პერიოდში, მითუმეტეს ვერ იქნება, იმიტომ რომ ხელშეკრულებაც კი არ იყო დადებული. მით უმეტეს, ამის დაკავშირება სანატორიუმ “ქართლთან” აბსოლუტურად არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება, იმიტომ რომ კავშირი ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან არ აქვს. კომპანიამ ვის მიჰყიდა ბინა, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ იქნება, ვინც არ უნდა ყოფილიყო იმ სამინისტროში”, – ამბობს სუბარი.