LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოვიდ 19“-ის პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა

17
unnamed

„კოვიდ 19“-ის პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა.

ამის შესახებ “ბიზნესკურიერის” ეთერში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” უფროსმა ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დღეისათვის საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით მთავარ გამოწვევად ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება და რუსეთიდან ხორბლის იმპორტი რჩება.

რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს:

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11.2%-ით შემცირდა.

2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 244%-ით, 158 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

2020 წელს რუსეთიდან საქართველოში 887 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 9.2%-ით შემცირდა, თუმცა რუსული პროდუქტის წილი იმპორტში 10.3%-დან 11.1%-მდე გაიზარდა.

ბოლო წლებში, შემოსავლების მხრივ, საქართველო რუსეთიდან შემომავალ ტურისტებზე უფრო იყო დამოკიდებული, ვიდრე პროდუქციის ექსპორტზე. 2019 წელს რუსეთში ექსპორტიდან საქართველომ 497 მლნ აშშ დოლარი მიიღო, ხოლო რუსი ვიზიტორებისგან დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარი.

ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია აქვს. 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2019 წელს – 25%.

ანალიტიკოსის შეფასებით, საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, სტრუქტურულად გარდაქმნას ეკონომიკა და ნაკლებდამოკიდებული გახდეს რუსეთზე.

რაც შეეხება ნაბიჯებს რაც ქვეყანამ უნდა გადადგას, ნამჩავაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს, კერძოდ:

პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის მიმართულებით.

მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებას.

წინა წლებისგან განსხვავებით, საზღვრების გახსნის შემდეგ, ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g