საფრანგეთი განახორციელებს საზღვრებზე ინტენსიურ მონიტორინგს, რათა არ მოხდეს კოვიდ 19-ით ინფიცირებული ადამიანების მიმოსვლა იმ მოსაზღვრე ქვეყნებში, რომელშიც სათხილამურო ტრასები არ დაიხურება.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, უმეტესად ეხება შვეიცარიასა და ესპანეთს, რომლებიც, დიდი ალბათობით, სადღესასწაულო სეზონზე სათხილამურო ტრასებს გახსნის.
კასტექსმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიზანია, არ დაინფიცირდნენ საფრანგეთის მოქალაქეები და ამის წყარო არ გახდეს ტურისტული ადგილები. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა სახელმწიფოს გადაწყვეტილების შესახებ, არ გაიხსნას საბაგიროები საშობაოდ.
მსგავსი პოზიცია აქვს გერმანიას და იტალიას, თუმცა, ამ დრომდე, ავსტრია, ესპანეთი და შვეიცარია კვლავ ფიქრობს სათხილამურო კურორტები გახსნას.
საფრანგეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმებისთვის დრო კიდევ არსებობს.
საფრანგეთში ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტს საუბრობენ იმის შესახებ, რომ გასულ სეზონზე, პანდემიის პირველი ტალღის დროს, სათხილამურო ტრასები ინფიცირების წყაროდ იქცა და დააჩქარა ვირუსის გავრცელება ევროპაში.