LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდის სამკურნალო მედიკამენტი “პაქსლოვიდი” საქართველოშია

117
Untitled design (1)

კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც კოვიდ-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ.

“პაქსლოვიდი” კოვიდის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. “პაქსლოვიდის” ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან.

“პაქსლოვიდით” მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი 5 დღეს მოიცავს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად, უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტებია განკუთვნილი. პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი აქვთ, როგორიცაა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმულები და ა.შ.” – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება.

კოვიდ-19-ის სამკურნალო მედიკამენტი კომპანია “ფაიზერმა” შექმნა. “პაქსლოვიდი” აღიარებულია, როგორც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს, ასევე ევროპის წამლის სააგენტოს მიერ. პრეპარატი უკვე ფართოდ გამოიყენება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ქვეყნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g