LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდპანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ დაგვანახა, რომ პარლამენტი კრიზისულ სიტუაციებში არის უუნარო და თავის უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს: ლიკა საჯაია

94
ლიკა საჯაია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებულ საპარლამენტო ზედამხედველობის შეფასების დოკუმენტზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

მისი განცხადებით, კოვიდპანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ, რომელიც ქვეყანაშია, დაგვანახა, რომ პარლამენტი კრიზისულ სიტუაციებში არის ფაქტობრივად უუნარო და თავის უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს. ამის მაგალითად ლიკა საჯაიას, ის უკანონო ცვლილება მოჰყავს, რომელიც მთავრობას აძლევს უფლებას კოვიდპანდემიის დროს ადამიანის უფლებები შეზღუდოს.

მისვე განცხადებით ხელისუფლება ოპოზიციის მიერ განხორციელებულ კონტროლზე არ რეაგირებს, რაც პრობლემას წარმოადგენს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საპარლამენტო მდივნის განცხადებით, საპარლამენტო კონტროლი არ მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზებიდან ადამიანების გატაცება, კორუფციის გახმაურებული შემთხვევები, ფარული ჩანაწერების გავრცელება, რაც იმას ნიშნავს, რომ „პარლამენტი ძირითადი მოვლენების მიღმა დგას, თითქოს ეს პრობლემა მათ არც კი ეხებათ“.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ხელისუფლებას ტაქტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ. საჯაიას განმარტებით, ოპოზიციას საპარლამენტო თანამდებობებზე უფრო მეტი წარმომადგენლობა უნდა ჰქონდეს.

„დოკუმენტი 2019-2020 წლის პერიოდს მოიცავს. ქვეყნისთვის საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო, როგორც პოლიტიკურად, ასევე კოვიდპანდემიის თვალსაზრისით. ამ პერიოდმა გამოავლინა, რომ პარლამენტი კრიზისულ სიტუაციებში არის ფაქტობრივად უუნარო, რათა განახორციელოს თავისი უფლებამოსილება.

კოვიდპანდემიის დროს საპარლამენტო კონტროლსაც ეძღვნება ანგარიშის დიდი ნაწილი. პარლამენტმა თავისი ძირითადი უფლებამოსილება, რაც არის მთავრობის საქმიანობის კონტროლი, ფაქტობრივად არ განახორციელა და მთლიანად მოახდინა თავისი უფლებების დელეგირება მთავრობაზე. 

უკანონო ცვლილება, რაც უფლებას აძლევს მთავრობას, რომ შეზღუდოს ადამიანის უფლებები კოვიდპანდემიის დროს უკვე მეოთხედ გააგრძელა პარლამენტმა. ეს ნათლად მიუთითებს, რომ პარლამენტი უუნაროა.  

ჩვენი კვლევა შეეხება მინისტრთა ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მინისტრები, თუკი მათ ოპოზიცია იწვევს კომიტეტის სხდომაზე, უარს აცხადებენ მისვლაზე, ხშირ შემთხვევაში არ პასუხობენ შეკითხვებს, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენელი უსვამს. მნიშვნელოვანია, რომ კოვიდპანდემიის და საგანგებო მდგომარეობის დროს, ოპოზიციის მიწვევით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არც კი მივიდა კომიტეტის სხდომაზე. 32-ჯერ იყო მოხდა მისი დაბარება 2 წლის განმავლობაში ოპოზიციის მიერ და აქედან 21 შემთხვევაში მინისტრები უბრალოდ არ გამოცხადდნენ. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკა ვერ შევდექით იმიტომ, რომ საპარლამენტო კონტროლი მოითხოვს, პირველ რიგში სწორედ ოპოზიციის მიერ განხორციელებულ კონტროლს და ჩვენი მთავრობა, როგორც უკვე აღვნიშნე, არ რეაგირებს ოპოზიციის კონტროლზე. 

საპარლამენტო კონტროლი ზოგადად არ ეხება ქვეყნის საშიშ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს. 2 წლის განმავლობაში იყო არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, იგივე ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზებიდან ადამიანების გატაცება, კორუფციის გახმაურებული შემთხვევები, გამოვლინდა ფარული ჩანაწერები, მათ შორის დეპუტატებზეც. არცერთი ეს საკითხი არ მოუცავს საპარლამენტო კონტროლს. ფაქტობრივად, პარლამენტი ძირითადი მოვლენების მიღმა დგას და თითქოს ეს პრობლემა მათ არც კი ეხებათ. 

ჩვენ 2019 წელს ახალი რეგლამენტი მივიღეთ, რომელმაც საკანონმდებლო გარანტიები შექმნა საპარლამენტო კონტროლისთვის მაგრამ, ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ პოლიტიკური კულტურა, მეორეს მხრივ ალბათ დემოკრატიული განვითარება, მინისტრთა ანგარიშვალდებულება, პარლამენტის წევრთა მიერ თავის მოვალეობების აღქმა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კარგი საკანონმდებლო მექანიზმები კარგად ამოქმედდეს.

იმისთვის, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს, ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, რომ გააუმჯობესონ, როგორც ტაქტიკა, ასევე კანონმდებლობა. ვგულისხმობ, მინისტრთა ანგარიშვალდებულების გაზრდას, პარლამენტმა უნდა მოითხოვოს, თუ მინისტრი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა, მოხდეს პლენარულ სხდომაზე დაბარება, მოხდეს ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსება და გამჭვირვალობის გაზრდა. 

მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობაც დაიხვეწოს და ოპოზიციას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს, მოიწვიოს კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს უფრო მეტი წარმომადგენლობა საპარლამენტო თანამდებობებზე, ეს შარლ მიშელის დოკუმენტშიც არის გაწერილი. 

მნიშვნელოვან პოზიციებზე, როგორიც არის გენერალური აუდიტი და გენერალური პროკურორი, პირთა არჩევა უნდა ხდებოდეს უმრავლესობის უმრავლესობით და ოპოზიციის უმრავლესობით. კანონმდებლობა იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ ოპოზიციის ჩართვა იყოს აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა ლიკა საჯაიამ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ საუბრისას.

magti 5g