ეროვნული ბანკი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვებას განიხილავს-საუბარია ციფრულ ლარზე, რომელიც, სებ-ის თქმით, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნება.
ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და გაზარდოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა.
აღნიშნულ თემაზე “ბიზნესკურიერის” ეთერში ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის მრჩეველმა და მკვლევარმა ლევან ბოძაშვილმა ისაუბრა.
რა არის ციფრული ლარი, ციფრული ვალუტის გამოშვების ასე ვთქვათ, მოტივატორი რა იყო, ბატონო ლევან და რამდენად შეუწყობს ხელს ეროვნული ვალუტის ციფრული ვერსიის შექმნა ქვეყანაში ციფრული ბიზნესის განვითარებას?
ციფრული ვალუტა დღესაც არის ხმარებაში, ბანკები ამას გამოიყენებენ, როდესაც ჩვენ ვახდენთ ტრანზაქციებს ონლაინ რეჟიმში, მობაილ ბანკის მეშვეობით, ამიტომ ის განსხვავდება იმისგან, რასაც ეროვნული ბანკი აპირებს.
ეროვნული ბანკის გამოცხადებული შეთავაზებიდან ირკვევა, რომ ის იქნება კრიპტოვალუტა თავისი არსით და შინაარსით, ტექნიკური მხარიდან გამომდინარე და ბუნებრივია, ის განსხვავდება ციფრული ლარისგან იმით, რომ ციფრული ვალუტა არის ჩვეულებრივად დამყარებული იმ არსებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დღეისათვის არსებობს მსოფლიოში, ხოლო კრიპტოვალუტა იქნება შედარებით დეცენტრალიზებული ან უნდა იყოს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა პირდაპირ ერთმანეთში შუამავლის ანუ ბანკების გარეშე განახორციელონ ტრანზაქციები, გადარიცხვები და ა.შ.
ეს მოტივაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნისთვის სჭირდება ეროვნულ ბანკს ამის გამოშვება. ძალიან ბევრი და მრავალგვარი მოტივაცია არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე, ევროკავშირს, ჩინეთს განსხვავებული მიდგომები აქვთ და ბევრ სხვადასხვა ქვეყანას აქვს განსხვავებული მოტივაცია.
აქედან გამომდინარე ხდება ამ ტიპის ვალუტის განხორციელების მექანიზმის შერჩევა.
როგორ უნდა იყოს კრიპტოლარი უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ ის იყოს თანხების დამზოგავი? ცხადია, ვირტუალური ეროვნული ლარის გამოშვება და მისი მეშვეობით შესრულებული ოპერაციები ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს. როგორ უნდა განახორციელოს ეს პროცესი ეროვნულმა ბანკმა სწორად?
როგორც ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა კრიპტოლარი იქნება კურსით ჩვეულებრივ მიბმული ეროვნულ ლარზე, უბრალოდ ტრანზაქციები და ოპერაციები იქნება განხორციელებული „ბლოკჩეინის“ მეშვეობით, „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიაზე დამყარებული.
განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიით განხორციელებული გადარიცხვები, გადახდები, ჯარიმები იქნება თუ კომუნალური გადასახადები და ა.შ ხორციელდება გაცილებით იაფად და შუამავლის საკომისიოების გარეშე, როგორიც არის ბანკები ამ შემთხვევაში.
ჩვენ ნებისმიერ გადახდას, რასაც დღეს ვახორციელებთ დაწყებული კომუნალურიდან დამთავრებული პატრულის ჯარიმით ამას ემატება საბანკო საკომისიო გადასახადი.
კრიპტოლარის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, თუ რა თქმა უნდა, ამას მოისურვებს ეროვნული ბანკი, რომ ეს საშუამავლო გადასახადები მოსახლეობას დაეზოგოს და რამდენიმე ასეული მილიონი ლარი, რომელიც ამ საკომისიოებს შეადგენს წლიურად დარჩეს მოსახლეობის ჯიბეში.
შესაბამისად, ეს ამ თვალსაზრისით იქნება ძალიან კარგი.
მეორე, რასაც კრიპტოლარის გამოშვება ხელს შეუწყობს იქნება ის, რომ დღეს უკვე მსოფლიოში მიმდინარე დიდი ფინანსური, ასე ვთქვათ, ცვლილებებიდან, ტექნიკური პროგრესიდან გამომდინარე საშუალება ექნება ლარს მოახდინოს ტექნიკური ინტეგრაცია, ისეთ გიგანტურ ორგანიზაციებთან,როგორიც არის viza, mastercard-ი, სხვადასხვა საბანკო ინსტიტუტები, მაგალითად ebay-იმ გამოცხადა და amazon-ი აპირებს გადასვლას კრიპტოვალუტებზე, რაც ასევე საშუალებას მისცემს მომხმარებელს, რომ ეს განახორციელოს ასევე ლარის გაციფრულებით.
საინტერესოა ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, თქვენი შეფასებით, რამდენად ექნება მოსახლეობას ინტერესი კრიპტოვალუტით აწარმოონ გადახდები?
ჩვენს შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა არსებითად იქნება შემცველი დეცენტრალიზაციის მექანიზმისა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შეეძლებათ ერთმანეთთან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება შუამავლების გარეშე, მაშინ დამერწმუნეთ, რომ ყველა იქნება დაინტერესებული რომ ის გამოიყენოს, რადგან დაზოგავს თანხებს.
სხვა შემთხვევაში, თუ ასეთი დეცენტრალიზაციის ელემენტი არ ექნება კრიპტოლარს, მაშინ არსებითად არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ კრიპტოლარი იქნება ტექნიკური გადაწყვეტით განსხვავებული ჩვეულებრივი ლარისგან, თუმცა არსებითად იგივე დარჩება, თუ ბანკები ისევ განახორციელებენ საშუამავლო მოსაკრებლის ამოღებას მოსახლეობისგან და ა.შ ბუნებრივია, არსებითად მოსახლეობისთვის პრინციპულად არაფერი შეიცვლება, შეიძლება გარკვეულწილად, ცოტა გართულდეს კიდეც მისი გამოყენება, იმიტომ, რომ გარკვეულ ტექნიკურ ცოდნასთანაც იქნება დაკავშირებული.
ამიტომ, მიზანი ეროვნული ბანკისა ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, ის ელოდება შეთავაზებას სხვადასხვა ორგანიცაზიებისგან, ტექნოლოგიური ორგანიზაციებისგან, თუ როგორ მოხდება და რა არის უმჯობესი.
უკვე რამდენიმე წელია სხვა ქვეყნის ეროვნული ბანკები სწორედ ამაზე მუშაობენ, ატარებენ კვლევებს, იკვლევენ ბაზარს, ტექნიკურ საშუალებებს, თუ რა არის ოპტიმალური მათი ქვეყნისთვის და მათი მოსახლეობისთვის.
შესაბამისად, ეს პროცესი ჩვენს ეროვნულ ბანკს არ გაუვლია, ახლა დაიწყო, ამიტომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ეროვნულმა ბანკმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
თუმცა, ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა არ მოხდეს მოსახლეობის მხრიდან გამოყენებული კრიპტოლარის შემთხვევაში ტოტალური კონტროლი.
ეს არის სტაბილური კოინი განსხვავებით სხვა კრიპტოვალუტებისგან, კრიპტოლარი იძლევა საშუალებას მოსახლეობის ის სუვერენული უფლება, რომელიც მას ჩვეულებრივი ფულის შემთხვევაში აქვს ის მიითვისოს მთლიანად, თუ ის იქნება ცენტრალიზებული.
ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ეროვნულმა ბანკმა გარკვეული სიცხადე უნდა შეიტანოს.
თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ ციფრული ვალუტა ინფლაციას შეანელებს, როგორ მოხდება ინფლაციის შენელება ლარის გაციფრულებთ ბატონო ლევან, როგორ გესახებათ ეს პროცესი?
ის იქნება დადებითი ეფექტის მქონე თუ იქნება მაქსიმალურად შესაძლებლად დეცენტრალიზებული, თუ ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ ბლოკჩეინის პროგრესული დადებითი მხარეების გამოყენებით, რასაც დღეს, პრაქტიკულად, უკვე მთელი მსოფლიო იყენებს, თუ ამ ყველაფერს ასე დავნერგავთ, ამ შემთხვევაში მოსახლეობას დაეზოგება საკმაო თანხები, რაც ბუნებრივია, რომ გარკვეული ფაქტორი იქნება ინფლაციაზეც, მაგრამ არსებითად თუ ეს იქნება სრულად ცენტრალიზებული და იგივე, რაც არის დღეს ჩვეულებრივი ლარი და უბრალოდ ტექნიკური სხვა პლატფორმის მეშვეობით განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში ამას რაიმე არსებითი დადებითი ეფექტის მოტანის მექანიზმი არ ექნება.
ამიტომ მნიშვნელობა სწორედ იმას აქვს, განისაზღვროს რა მიზანს ემსახურება კრიპტოლარის შემოღება, ე.წ ციფრული ლარის შემოღება და ეს უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა.
როცა ვსაუბრობთ ციფრულ ლარზე, კიდევ ერთი საკითხია სმარტ კონტრაქტების წარმოება, ანუ ჭკვიანი კონტრაქტების, რამდენად მოქნილი და ამასთან მომგებიანი იქნება ფულის, აქციების, ქონების და სხვა აქტივების უსაფრთხო გაცვლა სმარტ კონტრაქტების მეშვეობით?
გაცხადებულია ეროვნული ბანკის ინტერესში, რომ უნდა ემყარებოდეს „სმარტ კონტრაქტს“. ეს არის ძალიან კარგი ინოვაცია იმ თვალსაზრისით, რომ ის საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ ფინანსური ტრანზაქცია, არამედ სხვა ბიზნეს გადაწყვეტებიც იყოს დამყარებული მასზე და ეს ამარტივებს ძალიან ბევრ სერვისს, მომსახურების, სხვადასხვა სახელმწიფო მომსახურების მიღების საშუალებებს და შეიძლება იყოს ეს გადასახადები, საჯარო სერვისები და ა.შ, რომელიც დაზოგავს ისივე როგორც დროს, ასევე სხვა დანახარჯებს.
ამიტომ, არსებითად ეს სწორი მიდგომაა, რომ „სმარტ კონტრაქტებზე“ უნდა იყოს დამყარებული, ანუ იმ ტიპის ბლოკჩიენზე, რომელიც სმარტ კონტრაქტს იყენებს და ბუნებრივია, ის ხარჯებს არსებითად შეამცირებს.
დროთა განმავლობაში, იმდენი ხარჯი იქნება შემცირებული, რომ ეს გარკვეულ ფინანსურ ეფექტს მოიტანს ქვეყნისათვის, როგორც ასეთი, მაგრამ ამავე დროს საშუალებას მისცემს თვითონ ეკოსისტემას, სხვადასხვა კერძო ბიზნესი იქნება თუ მათ შორის სახელმწიფო საჯარო სერვისებიც, რომ უამრავმა ქართველმა დეველოპერმა, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს, შექმნას ახალი ინოვაციური პროდუქტები, სხვადასხვა ბიზნეს გადაწყვეტებისთვის და ცალკე ეკოსისტემა ჩამოყალიბდეს ერთობლიობაში, რაც ბუნებრივია, ეკონომიკისთვის იქნება ძალიან დადებითი პროცესი.