LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”კრისტალი” ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნეს პროექტებს აფინანსებს

224

სს მისო ”კრისტალმა” აშშ-ის საელჩოში მეწარმეობის გლობალური კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პრეზენტაცია გამართა, რომელიც პროექტ „Yes Georgia“-ს ფარგლებში შეიქმნა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, Yes Georgia აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ”კრისტალის” მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ადგილობრივი სამეწარმეო ინიციატივების დაფინანსებას ითვალისწინებს.

სამწლიანი პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა 200-მდე ახალგაზრდის სწავლება და ბიზნეს პროექტების შემუშავება. მათივე ცნობით, ”კრისტალი” ახალგაზრდა მეწარმეების 12 ბიზნეს-პროექტს საწყისი კაპიტალით აფინანსებს. აშშ-ის საელჩოში პრეზენტაციისას ახალგაზრდა მეწარმეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნეს-ინიციატივები ჩრდილოეთ კაროლაინას ქალაქ შარლოტის ინვესტორების ჯგუფისთვის გაეცნოთ და მიეღოთ მათგან კონსულტაცია. ღონისძიების ტრანსლირება განხორციელდა საქართველოს 8 ქალაქში.

როგორც კომპანიაში განმარტეს, მისო „კრისტალი“ წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მიკრო და მცირე ბიზნესსექტორის განვითარებას საქართველოში. მიკრო დაფინანსების გარდა სს მისო „კრისტალი“ უკვე 4 წელია ახორციელებს საგანმანათლებრო პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების სწავლებას, განვითარებას, სხვადასხვა უნარების გამომუშავებას, სტაჟირებას და დასაქმებას.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პრეზენტაცია მეწარმეობის გლობალური კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 14-20 ნოემბერს მსოფლიოს 160 ქვეყანაში ტარდება. მეწარმეობის კვირეულის მიზანია, გააჩინოს ადამიანებში მეწარმეობის სურვილი და დააკავშიროს ისინი პოტენციურ პარტნიორებს და ინვესტორებს. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ჩართულია გლობალური მეწარმეობის კვირეულში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g