LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტი ყიფშიძე: „ვფიქრობ, წინ უკეთესი რაღაცები გველოდება, წარსულს არ მივტირი…“

901
qristimask

მოდელი კრისტი ყიფშიძე უკვე სამი თვეა, შინაა. სახლში ყოფნა ისედაც ძალიან უყვარს და კარანტინის პირობებში ყველა რეკომენდაციას იცავს. სახლის პირობებში საკუთარ თავს უვლის და ერთ გადაღებაშიც კი მიიღო მონაწილეობა.

კრისტი ყიფშიძე:

სანამ კარანტინს გამოაცხადებდნენ, მე უკვე შინ ვიყავი. ახალი წლის მერე პერიოდი საკმაოდ არააქტიურია. კი მქონდა პროექტები, მაგრამ არ ვიყავი ძალიან დატვირთული. მერე დაემთხვა ისე, რომ გავცივდი და სანამ კორონავირუსი საქართველოში დაფიქსირდებოდა, მანამდეც სახლში ვატარებდი დროს. მაღაზიისა და აფთიაქის გარდა არსად დავდივარ. ერთადერთხელ გავედი, ძალიან დაცულად, რა თქმა უნდა, გადაცემაში „არ გაჩერდე“ მონაწილეობის მისაღებად. პირბადე და ხელთათმანი მეკეთა, ჩანთაში მედო სპიტი და ყველა სხვა საშუალება, ტელევიზიაშიც ყველანაირი რეკომენდაცია დაცული იყო, მაკიაჟი ჩემი კოსმეტიკური საშუალებებით გავიკეთე. ცოტა გავწვალდით, მაგრამ ასე ჯობდა, თუმცა გადავწყვიტე, რომ მეტჯერ აღარ გავალ არსად. მაინც იყო შიშის მომენტი. კი ვცდილობთ, არ ვიფიქროთ, მაგრამ ქვეცნობიერად სულ გაქვს შიში, კორონაფობია. ფსიქოლოგიურად ვმუშაობ საკუთარ თავზე და ვამბობ, რომ მე არ დამემართება.

აქცევ ყურადღებას კვების კუთხით რეკომენდაციებს, რომ იმუნიტეტი აიმაღლო?

მეექვსე კვირაა, ექიმის რეკომენდაციით, სამკურნალო დიეტას ვიცავ, თან, წამალს ვსვამ. სახლში გემრიელი კერძები რომ მზადდება, ვერ ვსინჯავ, ცომეული აკრძალული მაქვს, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დავძლიე ესეც. ნატალიამ გადაწყვიტა, რომ კულინარიაში ბედი სცადოს. ხან ხაჭაპური მოამზადა, ხან ნამცხვარი. ვერაფერი გავსინჯე. მე მხოლოდ წიწიბურას, კარტოფილს, მოხარშულ თევზსა და ქათამს მივირთმევ. 15 მაისს ამ დიეტას დავამთავრებ. მერე არ ვიცი, რა იქნება, იმედია, დიეტა მორჩება და დავუბრუნდები ნორმალურ კვებას. ზოგადად, ისედაც ჯანსაღ კვებას ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა თავს ზოგჯერ ვაძლევდი უფლებას ცომეულის მირთმევის. წარმოიდგინეთ, მხოლოდ წიწიბურას რომ ჭამ და სამი დღე მაღაზიაში გაქრება და ვერ ყიდულობ (იღიმის). კვების კუთხით გირჩევთ, ზუსტი დროები განსაზღვროთ და ამ რეჟიმის მიხედვით მიირთვათ.

შინ ყოფნისას რით ხარ ხოლმე დაკავებული?

ზოგადად მიყვარს შინ ყოფნა. რაც წელი დაიწყო, მგონი, სახლში გავატარე. ძალიან მენატრებიან მეგობრები, ურთიერთობები, ხალხის ნახვა, სამსახური, ჩვენებები. ბევრი პროექტი იგეგმებოდა და ყველაფერი ჩაიშალა. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებში ფრენებიც რომ არ შეიძლება, ესეც ძალიან სამწუხაროა. ამას წინათ ბალიზე გადაღებული ფოტოები ამომიგდო „ფეისბუქმა“. თავიდან ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი, როცა გამახსენდა, როგორ თავისუფლად ვმოგზაურობდით, შემდეგ კი მივხვდი, რომ წარსულს არ უნდა მივტიროდეთ. ვფიქრობ, ბევრად უკეთესი რაღაცები გველოდება წინ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მგონი, წელს დავარღვევ ტრადიციას და დაბადების დღეს საქართველოში შევხვდები.

თავს როგორ უვლი სახლის პირობებში?

ვარჯიშს არ მივმართავ. როცა მკაცრი ზომები შედარებით შერბილდება, მინდა რიყის პარკში ვირბინო, რომელიც ჩემს სახლთან ახლოსაა. ვფიქრობ, სირბილი ჩემთვის ყველაზე მისაღები ფორმაა ვარჯიშის თვალსაზრისით, კარგი სტრესის მოხსნის საშუალებაცაა, ფორმაში ყოფნასთან ერთად. სხვადასხვანაირ ჯიმში ვცადე ვარჯიში და მივხვდი, რომ არ მომწონს, სუფთა ჰაერზე სირბილი მირჩევნია.

სახლის პირობებში ნიღბებს ისედაც ხშირად ვიკეთებდი, მაგრამ ახლა ძალიან გავერთე სახის მოვლით. ვიკეთებ ნიღბებს. კიტრიც კარგია თვალზე და თვალის ქვეშ კარტოფილის დადებაც ძალიან ეფექტურია. ასევე უკვე შემოსულია მარწყვი, რომელიც შეგიძლიათ სახეზე წაისვათ.

დრო გამომიჩნდა იმისთვის, რომ სხეულსაც მოვუარო და გავიკეთო სხვადასხვა ტიპის სკრაბი. ამჯერად ასეთი ვარჩიე – თურქული ყავა და ზეითუნის ზეთი წყალში გავურიე, კონკრეტული პროპორციები არ მაქვს, თვალის ზომით მოვამზადე არც თხელი და არც სქელი მასა და მთელ ტანზე შევიზილე. აქვს ძალიან კარგი ეფექტი, მათ შორის შეგიძლიათ, ეს მასა სახეზეც წაისვათ, კანს კარგ ფერსაც ანიჭებს. ვისაც იდაყვების პრობლემა აქვს, ვურჩევ პომიდვრის ან ლიმონის დადებას, რასაც მე მივმართავ ხოლმე.

სახლის პირობებში თმა შევიღებე, სტილისტის რჩევით და საკმაოდ კარგი ფერი გამოვიდა. წინ მე წავისვი და უკან დედაჩემმა დაასრულა. მერე მე წავუსვი დედას და ძალიან მოეწონა ჩემი შეღებილი. ზოგადად, სალონების დიდი მოყვარული არ ვარ და ღებვისა და ვარცხნილობის შესწორებისთვის ვსტუმრობ, მაკრატელს კი მხოლოდ ერთ სტილისტს ვანდობ…

კრისტი, რას კითხულობ, რას უყურებ იზოლაციის პირობებში?

ძალიან ბევრი სერიალი ვნახე და მომეწონა. წიგნს ამჟამად არ ვკითხულობ, ვფიქრობ, შეიძლება, ძველ წაკითხულს დავუბრუნდე და ახლა სხვანაირად აღვიქვა, საინტერესო იქნება ალბათ, ვიდრე თინეიჯერობისა თუ სტუდენტობისას აღვიქვი.

„ტიკ–ტოკით“ შენც ხომ არ დაინტერესდი, სხვა ცნობილი ადამიანების მსგავსად?

სოციალურ ქსელებში ვაქტიურობ მხოლოდ ფოტოების განთავსების კუთხით. იშვიათად რაიმე კომპოზიციას გავაზიარებ ხოლმე. რამდენიმე დღე „ინსტაგრამზეც“ არ მიაქტიურია, არც ფოტო დამიდია და არც სთორი, თუმცა ახლა ეს სოცქსელი ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და თავს მოდუნების უფლება ვეღარ მივეცი. ეს პროექტები კომერციულია და ძირითადად, საჩუქრებს უკავშირდება. ვიდეოების განთავსება არ მიყვარს, არც „ტიკ–ტოკი“ მომწონს, ალბათ, თავისი აუდიტორია ჰყავს, მაგრამ ჩემთვის არაა.

ამ პერიოდში, ალბათ, არანაირი გადაღება არ გქონია…

მქონდა ერთი გადაღება. ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ მოიფიქრა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ეზოდან ფანჯარაში პოსტერით გადამიღო, მასზე ეწერა: „მე თქვენ მიყვარხართ“. სწორედ იმ პერიოდში დათუნა სულიკაშვილმა გამომიგზავნა სხვადასხვა ფერის ულამაზესი პირბადეები. ჩემი სახლის ეზოში გადავკიდეთ შავი ფარდა, მოვაწყვეთ სტუდია და გადავიღეთ ლამაზი ფოტოსესია. მივხვდი, როგორ მომენატრა ჩემი საქმე, რომელსაც უკვე 25 წელია, ვემსახურები. ნოემბერში 26 წელი გახდება. 42 წლის ვარ და საკმაოდ დიდი პერიოდია, რაც ამ სფეროში ვმუშაობ. არ მჯერა, რომ ამდენი წელი გავიდა და ისევ აქტუალური ვარ… ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. თუკი საქმე გამოგდის, შენც გიყვარს და მასაც უყვარხარ, ის არასდროს დამთავრდება. თავიდან ვუყურებდი, როგორც გასართობს, მაგრამ ამდენი წელი გავიდა… ამ პროფესიამ მომიტანა სხვადასხვა საქმე, ვცადე ბედი სხვადასხვა სფეროში. მას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია.

შენი სფერო როგორი იქნება კორონავირუსის შემდეგ, როგორ ფიქრობ?

ბევრი რამ სხვანაირი გახდება. მოდის სფეროს ვერ გააქრობ, მაგრამ მაგალითად, ივ სენ ლორანის სახლმა განაცხადა, რომ მოდის კვირეულებში აღარ მიიღებს მონაწილეობას და ექნება საკუთარი კალენდარი. ეჭვი მეპარება, რომ წელს გრანდიოზული რამ გაიმართოს, ზოგადად, მსოფლიოში, არა მხოლოდ საქართველოში. უაზროდ დეკორაციებსა და პომპეზურობაში დიდ ფულს აღარავინ დახარჯავს. ალბათ, იქნება მოთხოვნა ხარისხსა და ბუნებრიობაზე.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები