LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კუბი კონტექსტში“ – ახალი სახელოვნებო სივრცე და სოციალური საწარმო „მზიურის პარკში“/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

80
კუბი კონტექსტში

თბილისში, „მზიურის პარკში“, ახალი სოციალური საწარმო და საერთო სამუშაო ადგილი „კუბი კონტექსტში“ გაიხსნა, რომლის ძირითადი მიმართულებაც თანამედროვე ხელოვნების გალერეა და კულტურული მედიათეკაა.

უნიკალური დიზაინის სივრცე ღიაა ყველასთვის, ვისაც ხელოვნება, გამოცდილების მიღება-გაზიარება, სიმწვანე და სიმყუდროვეში, კომფორტულად მუშაობა უყვარს.

მიტოვებული და გაძარცული საბჭოთა საბაგიროს შენობის ფუნქციურად გარდაქმნის იდეა მხატვრებს, ვასილ მაჭარაძეს და კოკა ვაშაკიძეს ეკუთვნით.

განხორციელების ეტაპი კინომცოდნე ანუკა ლომიძესთან ერთად დაიწყო, მოგვიანებით კი პროცესში „ახალი მზიურის“ დამფუძნებელი, ანა გოგუაძე და არქიტექტორი თორნიკე აბულაძე ჩაერთვნენ.

საკითხს  „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან  ერთად განიხილავს სივრცისკუბი კონტექსტში“ დამფუძნებელი ანუკა ლომიძე. 

 

 

რას გვთავაზობს „კუბი კონტექსტში“ მომხმარებლებს, რამდენადაც ვიცი, ეს სოციალური საწარმოა…

– ესაა სოციალური საწარმო, რომელიც კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. ადგილი, სადაც ხელოვნება ხვდება ნებისმიერი ინტერესის შესაძლებლობის ადამიანს.

სხვადასხვა ჯგუფის ადამიანები იკრიბებიან ჩვენთან,  მათ სტუმრებს ვეძახით, არ ვეძახით „მომხმარებლებს“.
გვაქვს პროგრამები განსხვავებული ასაკის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების  მქონე ადამიანებისთვის. 8 მაისიდან დღემდე, გვქონდა ორი გამოფენა, რამდენიმე ღონისძიება, პრეზენტაციები და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უკრაინელი და ქართველი მოზარდების დამეგობრებისთვის წამოვიწყეთ. ეს იყო სოციალური პროექტი, რომელიც კულტურული ელემენტებით იყო გაჯერებული.

ასევე დავიწყეთ დებატების კლუბი, სადაც ტრადიციული დებატების სისტემას ეცნობიან ბავშვები, სწავლობენ აზრის ჩამოყალიბებას, ოპონირებას და ყველაფერს, რაც კი დებატებთან არის დაკავშირებული. ცხადია, ესეც შემოქმედებითი კუთხით არის მიწოდებული მათთვის. ნებისმიერი ინიციატივისთვის ღია ვართ, მთავარია,  გადაკვეთა ვნახოთ ხელოვნებასთან.

 

 

თქვენი შენობა ყოფილი საბაგიროს შენობაა, მახსოვს „მზიურში“ ეს საბაგირო, მაგრამ ისიც მახსოვს, რა მდგომარეობაში იყო წლების განმავლობაში. იყო უფუნქციო და ფაქტობრივად გაძარცული.

როგორია ბიზნესმოდელი, ვისია კუთვნილება, როგორია კერძო სექტორის ჩართულობა?

– შენობა აშენდა გასული საუკუნის  80-იან წლებში,  და მალევე გაჩერდა, გაიძარცვა. ალბათ ბევრ ადამიანს ახსოვს, ვინც კი მზიურში ყოფილა. 2011 წელს, ჩვენი გუნდის წევრები მუშაობდნენ ერთ-ერთ პროექტზე, რომლის შედეგადაც ურბანული სივრცეების განახლება და ათვისება უნდა მომხდარიყო, სამი წერტილი აარჩიეს თბილისის მასშტაბით:

ელიავას ბაღი, გორკის პარკი და მესამე იყო მზიურის პარკში, ნაგებობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით.

11 წლის წინ, ბიუროკრატიული ბარიერები იყო, რის გამო ვერ განხორციელდა ეს პროექტი. თბილისის მერიაში ვერ ვარკვევდით ვის კუთვნილებაში იყო ნაგებობა. ამ წლების განმავლობაში, ძალიან ბევრჯერ მოგვიწია თემაზე საუბარი. ბოლოს, ოთხი წლის წინ, დავდეთ ღია წერილი, საბედნიეროდ, დაინტერესდა საზოგადოების დიდი ნაწილი და ასევე თბილისის მერიაც. შენობის მთლიანი რეაბილიტაცია განახორციელა თბილისის მერიამ და კიდევ ერთი კულტურული წერტილი შეემატა დედაქალაქს.

გვყავს მხარდამჭერებიც. ჩვენი მეგობარია „თიბისი ბანკი“, „ინტელკომ გრუფი“ არის კომპანია, რომელმაც ვაიფაი მოწყობილობებით აღჭურვა სივრცე, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია. გვყავს პატარ-პატარა პარტნიორები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გვეხმარებიან. გააჩნია, ისინი რა პროექტში არიან ჩართულები და ვის რა რესურსი აქვს. მაგალითად არის კომპანია „ფიშარი“, რომელმაც ჩვენი სრული შენობის სამი დე მოდელის გადაღება, ერთგვარი სკანირება მოახდინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს საიტზე, მალე, ჩვეულებრივად შეძლებთ პირველი, გახსნის გამოფენის დათვალიერებას. ვირტუალურ სივრცეში ლიფტითაც კი „იმგზავრებთ“. ძალიან ვაფასებთ ასეთ ჩართულობას კერძო სექტორისგან, კომპანიებისგან, რომლებიც იაზრებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ხედავენ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სოციალური პროექტების მხარდაჭერა.

რაში გამოიხატება „კუბი კონტექსტშის“ ფუნქცია, რა მიმართულებით მუშაობთ სოციალური კუთხით?

– სოციალური საწარმოს კონცეფციის კუთხით,  ჩვენი ბენეფიციარები, თუ შეიძლება ასე ითქვას, არიან შშმ ადამიანები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, სოციალურად დაუცველი ადამიანები,  მარტოხელა მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, სტუდენტები, მხატვრები…  ყველა სამუშაო ჯგუფში (ტრეინინგებზე, ვორქშოფებზე…) გვაქვს სოციალური ადგილები ამ ადამიანებისთვის, ასევე შეთავაზებები, რომელთა მეშვეობითაც, შეუძლიათ თვის კონკრეტულ დღეებში თავისუფლად დაჯავშნონ მედიათეკის ან გალერეის სივრცე და გამოიყენონ საკუთარი პროექტებისა თუ ინიციატივების განხორციელებისთვის.  ცხადია, ღონისძიებების შინაარსი უნდა ჯდებოდეს კუბის კონცეფციაში.

 

გვაქვს პროექტები, სადაც რიგით ადამიანებს საწევროს გადახდა უწევთ, თუმცა იგივე ჯგუფებში ყოველთვის არის რამდენიმე ადგილი, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფებიდან ხვდებიან ადამიანები, ვინც თავისუფლად იღებენ მონაწილეობა.

სულ ვამბობ ხოლმე, რომ ყოველთვის ჩვენ მივდივართ იქ, სადაც ხელოვნებაა: მუზეუმში, თეატრში და თუნდაც კინოში… ამ შემთხვევაში, ხელოვნება თვითონ მოვიდა  იქ, სადაც ისედაც დადიან ადამიანები – პარკში –  შეუძლიათ შემოისეირნონ, გაეცნონ თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს.

უახლოეს გეგმებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ და განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?

– ვიწყებთ თავისუფალი კინოჩვენებების სერიებს. ძალიან დიდ სივრცეს გვაძლევს კინოჩვენებები და ვამუშავებთ ახალ პროექტებს, რომლებიც შემოდგომიდან ჩაეშვება. ხშირად ვმუშაობთ ხოლმე ადამიანის უფლებების თემაზე. ერთ-ერთი ძირითადი ხაზი წელს ეს გვაქვს.

პირველ ივნისს გვქონდა ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებული “ფლი მარკეტი”, სადაც იყვნენ სხვადასხვა ჯგუფის ბავშვები, რიგითი და კერძო სკოლის მოსწავლეები, ზოგი მათგანი არ დადის გარკვეული პირობების გამო სკოლაში. ანუ ჩვენთვის იყო დღე, როდესაც ამ თემებზე საუბარი დავიწყეთ. „იუნისეფი“ დაგვიდგა მხარში, ძალიან ბევრი ბროშურით მოგვამარაგა. ეს იყო დღე, როდესაც შევძელით ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე გვესაუბრა დასაქმების კუთხითაც. ერთია, რომ ძალიან კარგია, თუ არასრულწლოვნებს ამუშავებენ და მეორე – ისმომენტი, რომ მათი შრომითი უფლებები უნდა იყოს დაცული, პირობები კი – ღირსეული.

 

 

რა ჩართულობა გვაქვს ჩვენ, რიგით ადამიანებს ამ პროცესებში? ნებისმიერ ბავშვს თუ მოუნდება, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად გამოიმუშაოს კუთვნილი თანხა ისე, რომ ამით თავს არ აზიანებდეს და საფრთხეს არ უქმნიდეს საკუთარ ჯანმრთელობას ან განათლების პროცესს. ამ ყველაფერზე გვინდა, ცნობიერების ამაღლება მოხდეს საზოგადოებაში და თვითონ ბავშვებსაც მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ.

ზაფხულში გვექნება გაკვეთილები და ტრენინგები, რომელიც პერიოდულად გაიმართება და იქნება 4-8, ან 12 შეხვედრა.

ჩვენი მიზანია, რამდენიმე შეხვედრაში უკვე ხელშესახები შედეგები გვქონდეს. დებატების კლუბში უკუკავშირები მოდის. ვფიქრობთ, რომ დებატების კუთხით ვინც გაიზრდება, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ისინი თვითონაც შესთავაზებენ თავიანთ ინიციატივებს საზოგადოებას. ვისაც ჩვენთან მეგობრობა სურს, თავისთავად ჩვენთან არიან.

 

ტრენინგების გარდა ვგეგმავთ გამოფენებს სხვადასხვა მიმართულებით.
ახლახანს „არტისტორიუმის“ საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ჩვენი მეორე გამოფენა.

გახსნის გამოფენაზე გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ექსპოზიცია, ცენტრალურ ნამუშევრად იყო გოჩა ჟღენტის ინსტალაცია „სტიქია“ – 14 ივნისის დილას გამოსული მოხალისეების ხელთათმანების მინის სვეტი. ვფიქრობთ, ეს სვეტი მუდმივ მემორიალად უნდა დარჩეს  მზიურის პარკში, რომლის ნახვა დამთვალიერებელს ყოველთვის შეეძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g