„ნუნისის ტყის სასტუმროს“ დამფუძნებლები კურორტზე 120-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის გეგმაზე მუშაობენ. პროექტის დეტალების შესახებ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში კურორტის თანადამფუძნებელმა, ირმა დაუშვილმა ისაუბრა.
„დასრულების ეტაპზე ვართ, რის შემდეგაც თამამად შევძლებთ, რომ ის ინვესტორებს შევთავაზოთ. გეგმა მოიცავს სამკურნალო და სასტუმრო მიმართულებებს. აშენდა დასასვენებელი კომპლექსი ყველა იმ თანამედროვე აღჭურვილობით, რაც დღეს ევროპაშია“, – ამბობს ირმა დაუშვილი. მისივე თქმით, საუბარია 4-5 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციაზე.
Forbes Georgia-სთან ირმა დაუშვილმა კურორტზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემები რომ მოგვარებულიყო, ამ დრომდე, კიდევ უფრო განავითარებდნენ კურორტს.
„მე ამ ტერიტორიას ვუწოდებ კუნძულს ტყეში, ვინაიდან სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ საბაგიროთია შესაძლებელი. შენარჩუნებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემო. არ არის დიდი კომპლექსი, მხოლოდ ხუთი კოტეჯი და შვიდი სასტუმრო ნომერია. თუმცა ჩვენ ირგვლივაც გაჩნდა პატარ-პატარა ჰოსტელები. კურორტი კიდევ უფრო განვითარდებოდა, ინფრასტრუქტურა რომ ყოფილიყო მოწესრიგებული – თუნდაც გზა, რომლის გაკეთებასაც 2006 წლიდან გვპირდებიან. ჩვენ კი ჩვენი ძალებით მოვახერხეთ ბევრი რამის მოგვარება, მაგალითად, ავაშენეთ მინი-ჰესი და ა.შ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, – ამბობს ირმა დაუშვილი Forbes Georgia-სთან ინტერვიუში .
ცნობისთვის, Nunisi Forest Hotel and Spa – სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნუნისის წყლის ხეობაში.
სამკურნალო წყლით ოდითგანვე განთქმული ბალნეო-კლიმატური კურორტი ნუნისი არსებობს 1856 წლიდან. მას უნიკალურს ხდის ორი განუმეორებელი სამკურნალო ფაქტორის შერწყმა – ჰავა და წყალი:
ნუნისის სამკურნალო წყალი ოდითგანვე განთქმულია და გამოიყენება კანის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, ის ასევე ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ალამაზებს და აახალგაზრდავებს კანს, აჯანსაღებს ორგანიზმს. ნუნისის წყალი კურნავს კანის დაავადებებს – ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, იმპეტიგოს, ასევე ალერგიას, ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს. მკურნალობას ადგილზე ნიშნავს და მუდმივად თვალს ადევნებს ექიმი დერმატოლოგი და თერაპევტი. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის თბილი აბაზანები და შხაპებია.
ნუნისის ჰავა: ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტი მდებარეობს მთის ფერდობზე, ზღვის დონიდან 750-800 მეტრზე. ტყის შუაგულში, აქ არ მოძრაობენ ავტომობილები, საავტომობილო გზას უკავშირდება მხოლოდ საბაგიროთი, რომელიც მდინარე ნუნისის წყლის ხევის თავზე გადადის.
სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და გასართობ-დასასვენებელ კომპლექსის შემადგენლობაშია:
– 3 სართულიანი კომფორტული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი სასტუმრო 7 ნომრით, მწვანე ტყეზე გამავალი პანორამული ფანჯრებით და ულამაზესი ხედებით.
– 5 სტანდარტული ფინური კოტეჯი, მცირე ზომის ხის კოტეჯები ეკოლოგიურად სუფთაა და საუკეთესოა ჯანმრთელობისთვის. ორსართულიანი კოტეჯების 16 ნომერი სრულად არის აღჭურვილი კომფორტული განთავსებისათვის.
– სამკურნალო-თერაპიული და გამაჯანსაღებელი სპა ცენტრი
– საბავშვო მოედანი, სტადიონი
– დასასვენებელი ზონები
გამაჯანსაღებელი სპა მომსახურება:
ნუნისის უნიკალური წყალი ნებისმიერ სპა პროცედურას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. აქვს გამაჯანსაღებელი და აღმდგენი ეფექტი.