LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტების განვითარების სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციის „ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის“ წევრი გახდა

113
კურორტების განვითარების სააგენტო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA)  წევრად აირჩიეს. 

წევრობის დამადასტურებელი სიგელი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა იზაბელ გრეგუარმა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორს ალექსანდრე ონოფრიშვილს ბელგიის სამეფოში, ლიეჟის პროვინციის ქალაქ სპაში გამართულ საშემოდგომო გენერალურ ასამბლეაზე საზეიმოდ გადასცა.

„დღევანდელი თარიღი მნიშვნელოვანია სააგენტოს და საქართველოს კურორტების ისტორიაში. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმა და კონტაქტები და ევროპულ საზოგადოებას უკეთ გავაცნოთ საქართველოს მდიდარი საკურორტო პოტენციალი“, – აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. 

ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციაში გაწევრიანება საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირებას, პოპულარიზაციას, კომერციალიზაციასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის საშემოდგომო გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს გაწევრიანების საკითხთან ერთად, წევრი სახელმწიფოების სპა მემკვიდრეობის საკითხები, თერმული კურორტების განვითარების შესაძლებლობები, თანამედროვე ტენდენციები და ხედვები განიხილებოდა.

ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აფილირებული წევრი. ორგანიზაცია ევროპის 18 ქვეყნის 51 წევრს აერთიანებს.

mazda magti 5g