სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ სრული დატვირთვით მუშაობს. როგორც ,,ფორტუნას” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ბერძენიშვილმა განუცხადა, სეზონის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას 100 განთავსების ადგილიდან ყველა დაკავებულია.
მისი თქმით, კურორტს ძირითადად ადგილობრივი ტურისტები სტუმრობენ.
,,რიგ შემთხვევებში, არიან უცხოელი ტურისტებიც. თუმცა ამ კურორტის უცხოურ ბაზრებზე აქტიური პოზიციონირება არ მომხდარა და მათი სიმცირე მოსალოდნელიც იყო. ამ საკითხს უფრო მომავალი სეზონისთვის განვიხილავთ”, – განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სეზონი პილოტურ რეჟიმში მუშაობს, კურორტ „გოდერძის“ პროექტმა გაამართლა.
კურორტი „გოდერძი“ გასული წლის დეკემბერში გაიხსნა. კურორტზე, ამ ეტაპზე, 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული სახლია განთავსებული.
კურორტის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო და ის ცენტრალური ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარით დაფინანსდა. გარდა ამისა, საბაგირო გზებისთვის ავსტრიის მთავრობისგან 10.9 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხი გამოიყო.
საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს. აქ სეზონი 8 თვის განმავლობაში გრძელდება.