„როგორია კურორტოლოგიის როლი უროლოგიური თუ სხვა ტიპის დაავადებების მართვასა და მკურნალობაში, რა ეფექტი შეიძლება მოგვცეს „საირმეს“ ბაზაზე მკურნალობამ, რა ბენეფიტები აქვს „საირმის“ წყლებს, რა ტიპის მომსახურების მიღება არის შესაძლებელი „საირმეში“ და როგორ დგება მკურნალობის სქემა“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ უროლოგმა, „უროლოგიის ეროვნული ცენტრის“ წამყვანმა სპეციალისტმა – ალეკო ხელაიამ და „საირმეს“ პროდაქტ დეველოპერმა – ელი ჩაკვეტაძემ ისაუბრეს.
ბატონო ალეკო, ვიცით, რომ უროლოგიური დაავადებების სპექტრი ძალიან დიდია, ამიტომ ვისაუბროთ ძირითად და ყველაზე გავრცელებულ პრობლემებზე, რომლებიც პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გხვდებათ, ასევე ვისაუბროთ კურორტოლოგიის მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით.
21-ე საუკუნეში კურორტოლოგიის როლი ძალიან აქტუალური ხდება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ პაციენტების მაქსიმალური რაოდენობა ჩავრთოთ ამ მიმართულებაში.
არის 2 ძირითადი, ყველაზე გავრცელებული პრობლემა, სადაც კურორტოლოგიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის შარდკენჭოვანი დაავადება და მორეციდივე საშარდე გზების ინფექცია.
როგორ უნდა მოვახდინოთ ზემოთ აღნიშნული პრობლემების დიფერენცირება, შესაძლოა, რომ შარდკენჭოვანი დაავადება და საშარდე გზების ინფექცია სხვა დაავადებებში აგვერიოს?
სიმპტომებში რაღაც გარკვეული გადაკვეთა, რა თქმა უნდა, გვაქვს. მაგალითად, კენჭის გავლის დროს, შეიძლება, პაციენტთან იყოს გახშირებული შარდვა, წვა შარდვის დროს, მოტყუებითი შეგრძნებები მოშარდვაზე, რაც ასევე ახასიათებს საშარდე გზების ინფექციას. აქ ძალიან საინტერესოა ის სიმპტომები, რომლებიც უშუალოდ კენჭის გავლას ახასიათებს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ანამნეზი, მეორე მნიშვნელოვანი მომენტია წელის ტკივილი, რომელიც თირკმლის საპროექციო არეში ან მარჯვნივ ან მარცხნივ იწყება და მოსდევს შარდსაწვეთს გაყოლებაზე. რაც უფრო ახლოს არის შარდის ბუშტთან შარდსაწვეთში განლაგებული კონკრემენტი, მით უფრო მეტი არის აქ შარდის ბუშტის ჩართულობაც და მისგან გამოწვეული ეს სიმპტომები. ყოფილა შემთხვევები, რომ გვიფიქრია საშარდე გზების ინფექციაზე, ცისტიტის გამწვავებაზე, გაგვიკეთებია ექოსკოპიური კვლევა და აღმოჩენილა, რომ შარდსაწვეთში შარდის ბუშტთან ახლოს ყოფილა კონკრემენტი. ასეთი მსგავსი სიმპტომების გადაფარვა, შესაძლებელია. თუ საშარდე გზების ინფექციაა, შარდში გვექნება ლეიკოციტები, თუმცა შარდკენჭოვანი დაავადების დროს ჩვენ ასევე გვაქვს შარდში ლეიკოციტები, რადგან კონკრემენტი, განსაკუთრებით დიდი ზომის, ბუნებრივია, თირკმელში ქმნის ანთებით პროცესს, ასე რომ, როგორც უკვე ვთქვით, ბევრი გადაფარვაა სიმპტომებში. ყოფილა შემთხვევები, პაციენტს არ სცოდნია, რომ მას ორმხრივად აქვს დიდი ზომის კონკრემენტი და გამოკვლევაზე მოსულს, შემთხვევით, ექოსკოპიაზე აღმოუჩენია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პაციენტმა იცის, რომ მას აქვს შარდკენჭოვანი დაავადება, რადგან ის ძალიან დროში გაწელილი პრობლემაა. პაციენტმა ასევე იცის, რომ მას აქვს საშარდე გზების ინფექცია, რადგან ესეც დროში გაწელილი პრობლემაა.
როგორ იწყება საშარდე გზების ინფექცია, როდის, რა შემთხვევაში უნდა მივიტანოთ ეჭვი აღნიშნულ პრობლემაზე და რა ტიპის დიაგნოსტირება გამოიყენება ამ დროს? კურორტოლოგიას, „საირმეს“ რა როლი და ეფექტი აქვს ამ მიმართულებით?
ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური კითხვაა, თუ როგორი არის “საირმეს” როლი და ეფექტი ამ პრობლემის მოგვარებაში და ამ პრობლემის ტალღების გაჩერებაში, რადგან ეს პრობლემა გაუთავებლად მეორდება.
ის ძალიან მარტივად, ისეთი უწყინარი სიმპტომებით იწყება, როგორიც არის წვა, დისკომფორტი მოშარდვის დროს. ამ დროს, შარდს აქვს სპეციფიკური სუნი. ასევე, შეიძლება იყოს გახშირებული შარდვა. შარდის სპეციფიკური სუნი უკვე მიუთითებს იმაზე, რომ საშარდე გზების ინფექცია გვაქვს. როდის და რატომ იწყება საშარდე გზების ინფექცია, ეს ძალიან ხანგრძლივი თემაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, საშარდე გზების ინფექციის დაწყება, თუ ჩვენ საქმე არ გვაქვს პატარა ბავშვთან, როგორც წესი, სქესობრივი ცხოვრების დაწყებას უკავშირდება. როდესაც ხდება საშოს ფლორის დარღვევა, ეს ფლორის დარღვევის ელემენტები, კომპონენტები, ბაქტერიები მიეშურება შარდის ბუშტში და შემდეგ, იქ იწყება ეს გაუთავებელი პროცესი. დღესაც მყავდა პაციენტი, რომელიც ამბობდა, რომ მას საშოდან არაჰომოგენური, სხვადასხვა ხასიათის გამონადენი ჰქონდა, რომელსაც სპეციფიკური, თევზის სუნი ჰქონდა. თევზის სუნი საშოს ფლორის უხშირეს პრობლემაზე, ბაქტერიულ ვაგინოზზე მიუთითებს. პაციენტი მოდის კლინიკაში, რადგან ანტიბაქტერიულმა თერაპიამ, სხვა მიდგომებმა შარდის ბუშტის ტკივილი ვერ მოხსნა. ზუსტად აქ, აღნიშნული პაციენტების კატეგორიაში გვინდა კურორტოლოგიური კონცეფცია და არა პირველივე საშარდე გზების ინფექციის დროს. აქ საუბარია მორეციდივე საშარდე გზების ინფექციაზე, რაც ცალკე დიდი ფენომენია.
რა ტიპის გავლენა და ეფექტი შეიძლება მოგვცეს „საირმეს“ ბაზაზე მკურნალობამ?
პირველ რიგში, საირმეში უნიკალური ბუნება და ატმოსფერო, წიწვოვანი და შერეული ტყე, მყუდრო გარემოა. ამას ძალიან დიდი ფსიქოლოგიური განტვირთვის ეფექტი აქვს.
რაც შეეხება უშუალოდ საირმეს წლებს, უროლოგიური კუთხით ჩვენ გვაქვს № 1 და № 3 წყარო, № 2 და № 4 უფრო გასტროენტეროლოგიური და ღვიძლის დაავადებების მიმართულებით არის. № 1 და № 3 წყარო მნიშვნელოვანია შარდკენჭოვანი დაავადებებისთვის, შარდმჟავა დიათეზისთვის, პოლიკისტოზისთვის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის საწყისი სტადიისთვის, პროსტატიტისთვის, შარდსადენი მილის ანთებისთვის და რა თქმა უნდა, საშარდე გზების ინფექციისთვის, ცისტიტისთვის.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის მინერალიზაციას და სხვა თვისობრივ კომპონენტებს. ეს მინერალები არის გარკვეული ფიზიკური და ქიმიური გამაღიზიანებელი ფაქტორი, კარგი გაგებით, რაზეც მერე მთელი ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს.
„საირმეს“ მინერალური დატვირთვა ძალიან ოპტიმალურია, იქ არის ნაკლებად მინერალური წყალი და მაღალი მინერალური წყალი, მაგალითად, ხუთი გრამი ლიტრზე. წყარო № 1-ს 2.9 დატვირთვა აქვს მინერალების გრამი ლიტრზე, ხოლო წყარო № 3 – ს 3.7 აქვს მინერალური დატვირთვა.
აღნიშნული მიმართულებით კვლევები ჩაატარა სპეციალურმა კომპანიამ, რომელიც გერმანიიდან იყო მოწვეული. ამ კომპანიამ გერმანიის სპასა და მინერალური ტურიზმის ასოციაციის ნუსხაში და კატალოგში „საირმის“ წყალი № 1 შეიყვანა, როგორც ნახშირორჟანგის შემცველი, როგორც ნატრიუმის, კალციუმის, მაგნიუმის ჰიდროკარბონატის შემცველი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ დაბალი მინერალური შემცველობა ჩვენში არსებულ კონკრემენტებს ვერ ზრდის, არ გაზრდის, რადგან მაღალ შემცველობას, ახალ დამატებით მინერალს შეუძლია ხელი შეუწყოს კონკრემენტის ზრდას. დამტკიცებულია, რომ „საირმის“ წყალი ასეთ გავლენას ვერ ახდენს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „საირმის“ წყალში შედის ე.წ. სულფატური ნივთიერებები და კალციუმი. როგორც აღვნიშნე, სულფატური ნივთიერებები ანთებითი პროცესის შლას ახდენს, მას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ „საირმის“ წყლის შედეგად, კენჭი თავისით დადნება და გაქრება. ამა თუ იმ უროლოგიური მეთოდით ჩარევის და კენჭის ამოღების შემდეგ, კენჭის ირგვლივ სულ არის ანთებითი პროცესის გარკვეული ბუდე, აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ აღნიშნული პროცესებიდან თვე ნახევარში, ორ თვეში პაციენტმა სტაბილურად იაროს საირმის კურორტზე, მიიღოს წყარო № 1 , რომელიც აუცილებლად ჭამამდე მიიღება და შემდეგ, 10-15 წუთში მიიღოს წყარო № 3. მისაღებ დოზებს ექიმი არჩევს, რათა მოხდეს იმ ადგილის გაწმენდა, სადაც ეს კენჭი იყო.
წყარო № 1-ის და № 3-ის კომბინაცია ძალიან ეფექტური არის ე.წ. კალკულოზური, ანუ კენჭოვანი პიელონეფრიტის მქონე პაციენტის რეაბილიტაციაში. ჯერ კიდევ 1977 წელს უროლოგიის ეროვნული ცენტრის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა და მისმა კოლექტივმა აჩვენა, რომ ასეთი პაციენტების რეაბილიტაცია გაცილებით უკეთ მიმდინარეობდა და რომ მათთან ნაკლები იყო რეციდივები, ვინაიდან „საირმის“ წყარო აღნიშნულ შედეგს გვაძლევს. კარგი არის უშუალოდ ამ წყლის მიღება და კომბინაცია თერმულ აბაზანებთან, რადგან ამ დროს, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ასევე არის დიურეზული ეფექტი, მეტი სისხლი მოძრაობს თირკმელში, უკეთესად მიმდინარეობს შარდის გამოყოფის პროცესი.
თუ ადამიანს შარდკენჭოვანი დაავადებები უმეორდება, გაზრდის თუ არა რემისიის პერიოდს კურორტოთერაპია?
მოდით, ორ ჯგუფად დავყოთ პაციენტები, ერთი, რომელთაც ჰქონდათ კენჭის გავლა, ჭვალი და ასე ვთქვათ, გამოაძევეს ეს კენჭი და მეორე, რომელთაც საკმაოდ მოზრდილი კონკრემენტი, კენჭი აქვთ თირკმელში და საჭიროებენ ლითოტრიფსიას ან მინი ინვაზიურ ჩარევას. მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი თავიდანვე ძალიან კარგად დაალაგოს ექიმმა, სანამ პაციენტს კურორტ „საირმესთან“ დაკავშირებით რეკომენდაციას მისცემს.
ზოგადად, „საირმეს“ უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიცით ამ წყაროების შემადგენლობა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შენების და სხვადასხვა მიზეზით აღმოცენებული კონკრემენტები, თუმცა ჩვენ უმეტესად ვსაუბრობთ ორ ძირითად ჯგუფზე. შარდმჟავა დიათეზის დროს შარდის ქიმიური სტრუქტურა არის მჟავა გარემო და ასევე მჟაუნმჟავას კონკრემენტები. თუ პაციენტი არის ფოსფატური, მისი შარდი არის ტუტე გარემოს შემცველი, ამ შემთხვევაში, მსგავსი პაციენტისთვის „საირმის“ წყალი და სხვა კურორტების წყალი შეიძლება უეფექტოც კი იყოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ფოსფატური კონკრემენტი ყოველთვის ტუტე შარდს ახასიათებს. ის სასარგებლოა იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ შარდმჟავა დიათეზის შემცველი კონკრემენტები. შესაბამისად, პაციენტი თავიდანვე კარგად უნდა იყოს გამოკვლეული და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივცეთ მას მიმართულება. არ არის გამორიცხული, რომ პაციენტმა „საირმის“ კურორტოლოგიურ თერაპიასთან ერთად ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს ანტიბაქტერიული თერაპიაც, რაც ხელს შეუწყობს ქრონიკული პიელონეფრიტის, კენჭის მოშორების ნარჩენების ალაგებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ექიმმა წინასწარ უნდა დაალაგოს და პაციენტი ისე უნდა გაემგზავროს ადგილზე. ადგილზე პაციენტს შესანიშნავი კოლექტივი დახვდება, ისინი მას შეურჩევენ შესაბამის დოზებს, წყლის მიღების რეჟიმს…
რეკომენდებული არ არის „საირმეში“ იმ პაციენტების გამგზავრება, რომელთაც ერთადერთი თირკმელი აქვთ და აღნიშნულ თირკმელში კონკრემენტები აქვთ, რადგან „საირმეს“ წყალი იმდენად კარგი დიურეზული ეფექტით ხასიათდება, რომ შესაძლოა, უშუალოდ კურორტზეც დაიწყოს კონკრემენტის გამოძევება. ერთი თირკმლის და მასში კონკრემენტების მქონე პაციენტები მსგავსი ტიპის მკურნალობას უნდა მოვარიდოთ.
ყველაზე ოპტიმალური პაციენტი ეს არის უკვე ნაოპერაციები ან ლითოტრიფსია გავლილი ადამიანი, ასევე პაციენტი, რომელმაც ერთჯერადად გამოაძევა კენჭი და უნდა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
აღსანიშნავია, რომ „საირმეს“ მინერალური წყლები მთელ რიგ დადებით პროცესებს ააქტიურებს ორგანიზმში, ამდიდრებს მას მიკრო და მაკრო ელემენტებით. აღნიშნულ წყლებს ასევე აქვთ სპაზმოლიტიური, ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო, შარდის გამოყოფის გაძლიერების ეფექტი. მათ ძალიან დადებითი ეფექტი აქვს იმუნოლოგიაზეც, ორგანიზმისთვის ერთგვარი ბუსტერის ფუნქცია აქვთ. ამ ფიზიკურ და ქიმიურ გამაღიზიანებლებზე მთელი ორგანიზმი რეაგირებს. წყაროებში შედის ლითიუმიც, რომელსაც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
როდიდან დაინტერესდით ამ თემით და როდის ჩათვალეთ, რომ კარგი იქნებოდა, თქვენი საქმიანობისთვის კურორტოთერაპია მიგესადაგებინათ?
ორიენტაცია ყოველთვის არის შედეგზე და როდესაც ხედავ, რომ ტრადიციული მიდგომები, სქემები ბოლომდე ვერ მიდის იქამდე, რაც შენ გინდა, სულ ახალ ალტერნატივას ეძებ. „საირმე“ ნამდვილად არ არის ახალი აღმოჩენა. როგორც უკვე აღვნიშნე, 1977 წელს გამოქვეყნდა პუბლიკაცია „საირმეს“ მინერალური წყლების როლზე კალკულოზური პიელონეფრიტის დროს. ცალკე უზარმაზარი თემაა საშარდე გზების ინფექცია და „საირმეს“ შესაძლებლობები ამ მიმართულებით და № 1 და № 3 წყლების როლი საშარდე გზების ინფექციის დროს.
საშარდე გზების ინფექციის დროს რა ტიპის დახმარებაა აქტუალური და რა რეკომენდაციები შეგიძლიათ, რომ გაგვიზიაროთ?
სამწუხაროდ, საშარდე გზების ინფექციის ისეთ ფორმას, რომელსაც რეციდივები ახასიათებს, ერთი ხელის მოსმით ვერ ვამარცხებთ. სტატისტიკამ აჩვენა, რომ ქალბატონების 30 %-ს აქვს საშარდე გზების ინფექცია და რომ ეს ინფექცია მათ წლის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ მაინც უმეორდებათ, არიან ქალბატონები, რომელთაც თვეში ორჯერაც შეიძლება გაუმეორდეთ ეს, რაც საშინელი სტრესია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ საშარდე გზების ინფექცია საბოლოო ჯამში შარდის ლორწოვანს კლავს და ჩვენ მივდივართ იმ ქალბატონებამდე, რომელთაც შარდში ბაქტერია არ აქვთ, მაგრამ აქვთ მუდმივი ტკივილი, შარდის ბუშტიდან გამომდინარე. მოდით, აქამდე ნუ მივიყვანთ მდგომარეობას და სხვა რესურსები გამოვძებნოთ. ეს რესურსი ამ შემთხვევაში არის კურორტოლოგიური თერაპია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გვეხმარება კურორტოლოგიური საკითხი, ეს ძალიან მარტივია, საშარდე გზების ინფექციების აღმოცენების მიზეზი არის ნაწლავი. შემდგომ, ის იკავებს საშოს და საშოდან შედის შარდის ბუშტში. ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ჰიდროკოლონოთერაპია, ანუ სწორი ნაწლავის გამორეცხვა, „საირმეში“ არსებული ტექნოლოგიებით და იქვე არსებული თერმული წყლით მოვახდინოთ გაწმენდა. პარალელურად, ამ პაციენტებს დავუმატოთ კეთილი ბაქტერიები, ანუ ის უვარგისი ბაქტერიები ჩავანაცვლოთ უკეთესი ბაქტერიებით. უნდა მოვაშოროთ ის ბაქტერია, რომელიც საშარდე გზების ინფექციას იწვევს. ანტიბაქტერიულ თერაპიას შედეგი პრაქტიკულად არ აქვს ან მხოლოდ დროებითი შედეგი აქვს.
ანუ კურორტოთერაპიის ის მიმართულება, რომელიც კონკრეტულად საშარდე გზების ინფექციების მკურნალობაზეა ორიენტირებული განსხვავდება იმ მიმართულებისგან, რომელიც შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობაში გამოიყენება?
რა თქმა უნდა. შარდკენჭოვანი დაავადების დროს ჩვენ შეგვიძლია № 1 და № 2 მინერალური წყალი, თერმული აბაზანები შევთავაზოთ პაციენტს, ასევე სამკურნალო ტალახის სარტყელი გავუკეთოთ წელის ირგვლივ, ანუ აქ უკვე ჩვენ ვსაუბრობთ აბსოლუტურად სულ სხვა მიმართულებაზე, რასაც ერთი და იგივე ლოკაცია, „საირმე“ გვაძლევს. აქ არის თერმული აბაზანები, ჰიდროკოლონოთერაპია, ასევე საშოს ირიგაცია თერმული წყლით და სპეციალური აპარატით, ვინაიდან სამწუხაროდ, საშოსმხრივ ინფექციებსაც აქვთ მორეციდივე ხასიათი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პრობლემის ერთ, საწყის წერტილზე დავიდეთ. ეს წერტილი კი არის არსებული ცუდი ბაქტერიული ფონის გაწმენდა და ახალი, კარგი ბაქტერიული ფონის შერჩევა პაციენტისთვის. ეს არის ჩვენი ძირითადი კონცეფცია მორეციდივე საშოთა გზების ინფექციებთან ბრძოლაში.
შესაძლოა, რომ ეს ორი ტიპის დაავადება ერთმანეთს დაემთხვეს?
როგორ არა, ესეც შეიძლება.
ასეთ შემთხვევაშიც შესაძლებელია კურორტოთერაპიის დახმარება?
აბსოლუტურად. „საირმეს“ ცენტრი ჩვენ დაახლოებით 80 სხვადასხვა პროცედურის ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. პაციენტს ადგილზე შეუძლია ისარგებლოს გინეკოლოგის, თერაპევტის კონსულტაციით დაწყებული, უამრავი პროცედურით დამთავრებული.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც პაციენტი ექიმის რეკომენდაციით მიდის საირმეში, მას 20 %-იანი ფასდაკლება აქვს ადგილზე განთავსებაზე და ასევე გარკვეული ფასდაკლებები აქვს გამაჯანსაღებელ პროცედურებზე.
ქალბატონო ელი, ცოტა მეტი მოგვიყევით წყლის შემადგენლობაზე და იმ ჩვენებებზე, რა დროსაც ჩვენ ამ წყალს მოვიხმართ.
რაც შეეხება წყლების შემადგენლობას, აუცილებლად უნდა დავამატო, რომ კურორტზე 4 სამკურნალო წყალთან ერთად, ასევე ამოედინება თერმული წყალი. თითოეულ წყალს თავისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობა აქვს, განსხვავდება მინერალიზაციის ხარისხი, ტემპერატურული მაჩვენებელი, გემოვნური თვისებები. განსხვავებულია ეფექტურობაც, კონკრეტულ ჩვენებზე და დიაგნოზებზე კონკრეტული ტიპის წყლით ხდება მკურნალობა. ძირითადი შემადგენლობა არის კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ბორი, ნატრიუმი, ქლორიდული და ჰიდროკარბონატული იონები, ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში, „საირმის“ წყლებში აღმოჩენილია ლითიუმი, რომელიც მოგეხსენებათ, ძალიან ძვირფასი ნივთიერებაა და ძირითადად, ფსიქო-ემოციური სტატუსის დასარეგულირებლად და სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
როგორ მოწმდება და რა ტიპის პროცედურებს გადის „საირმის“ წყალი იქამდე, სანამ მომხმარებლამდე მივა?
ხარისხის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრ აქტივობას ვატარებთ. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გერმანული ლაბორატორია ატარებს წყლების კვლევას და სწორედ ამ ლაბორატორიას აქვს დადასტურებულად მინიჭებული თითოეულ წყალზე, რომ არის სამკურნალო თვისებების მქონე. ასევე, „საირმე“ ერთადერთი კურორტი არის ამიერკავკასიაში, რომელიც ევროპის ასოციაციის წევრია, შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს და მივყვებით მათ მიმართულებებს. აქტიურად ხდება კადრების გადატრენინგება. მუდმივად ვადევნებთ თვალს სამედიცინო ტენდენციებს.
როგორ იგეგმება პროცედურა?
კურორტზე არის 24 საათიანი პოლიკლინიკა, სადაც ექიმი-კურორტოლოგი ანამნეზის მიხედვით, ინდივიდუალურად განიხილავს თანმხლებ დაავადებებს, არსებულ დაავადებებს, მიმდინარე დიაგნოზებს, ჩივილებს, ტარდება ლაბორატორიული კვლევები, ასევე ექოსკოპიური კვლევა და ამის შემდგომ, უკვე იწერება სქემა, რა ტიპის წყალი, რა კომბინაციით, რა დროს, რა ხანგრძლივობით და რამდენი მილილიტრი უნდა მიიღოს პაციენტმა.
როგორც ბატონმა ალეკომ გვითხრა, 80-მდე პროცედურა არის ხელმისაწვდომი „საირმეში“. პაციენტს თუ შეუძლია, თავისი ნებით დაამატოს სასურველი პროცედურები ექიმის მიერ შერჩეულ სქემას?
არსებობს კონკრეტული პროცედურები, რომლებიც თავად, სურვილისამებრ შეგიძლიათ, რომ აირჩიოთ, მაგრამ არსებობს პროცედურები, რომელთაც კონკრეტულად ექიმმა უნდა გაუწიოს რეკომენდაცია, მაგალითად, ასეთია გინეკოლოგიური ირიგაცია, ღრძილების ირიგაცია, ჰიდროკოლონოთერაპია. შესაძლოა, კურორტოლოგმა რეკომენდაცია გაუწიოს ჰიდროკოლონოთერაპიას, მაგრამ როდესაც მოხვდებით სპეციალისტთან, რომელიც უშუალოდ ატარებს აღნიშნულ პროცედურას, მან შეიძლება უარი თქვას პროცედურის ჩატარებაზე, რადგან თქვენთვის არ იყოს სასარგებლო. ეს ყველა ეტაპი ძალიან დიდი სიფრთხილით, ყველა რისკის დაზღვევით მიმდინარეობს ყველა პაციენტთან.
პროცედურა შეიძლება იყოს როგორც სამკურნალო, ისე საპროფილაქტიკო. საპროფილაქტიკო პროცედურები თავად შეგიძლიათ აირჩიოთ, ასეთია წყალქვეშა მასაჟი, სარელაქსაციო მასაჟი, მშვიდი აბაზანები, თუმცა მშვიდი აბაზანები თერმული წყლით ტარდება და ამ შემთხვევაში, მაინც საჭიროა, რომ კურორტოლოგმა გაგიწიოთ მისი ჩატარების რეკომენდაცია.
ყველაზე ხშირად რა დაავადებების შემთხვევაში მოდიან „საირმეში“?
უროლოგიური დაავადებების შემდეგ, ჩვენთან ვიზიტის ყველაზე ხშირი მიზეზები არის გასტროენტეროლოგიური პრობლემები, ასევე ენდოკრინოლოგიური, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, შაქრიანი დიაბეტი, კანის დაავადებები, გინეკოლოგიური დაავადებები, პირის ღრუს დაავადებები, ნაღვლის ბუშტის დისკინეზიები, ასევე ძვალსახსროვანი პრობლემები, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია.
რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი კურორტზე დაყოვნების პერიოდი და რაზეა ეს დამოკიდებული?
ეს დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე, ხარისხზე, რემისიის პერიოდებზე, თანმხლებ დაავადებებზე.
დაახლოებით, 10-დან 21 დღემდე არის კურსის ხანგრძლივობა.
მაგალითად, არსებობს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რა დროსა საპრევენციოდ, საპროფილაქტიკოდ შეგიძლიათ, რომ 7 დღიანი კურსი აიღოთ და ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი პროცედურები.
რომელი პროცედურა არის ყველაზე მოთხოვნადი?
ყველაზე მოთხოვნადი არის ჰიდროკოლონოთერაპია, რომელიც ტარდება თერმული წყლით. აღნიშნული პროცედურა მსხვილი ნაწლავის გამორეცხვას გულისხმობს. ის არის ძალიან ეფექტური, რადგან თვითონ პროცედურის ეფექტს ზემოდან ემატება თერმული წყლის ეფექტი. ჰიდროკოლონოთერაპიის 4 პროცედურა არის მაქსიმუმი, რაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ. ის გამოიყენება, როგორც სხვადასხვა ტიპის დაავადებების დროს, ასევე საპროფილაქტიკოდ. ის უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას.
უფრო დაწვრილებით, რომ ვისაუბროთ 20 %-იან ფასდაკლებაზე, რომელიც ბატონმა ალეკომ ახსენა.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს, რომელთა ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია „საირმის“ ბუნებრივი რესურსი. ექიმის სარეკომენდაციო წერილით, დადასტურებული დიაგნოზით, პაციენტი მიიღებს 20 %-იან ფასდაკლებას განთავსების ნაწილში, კონკრეტულ დიაგნოზებზე, სადაც საჭიროა სპა პროცედურების ჩართულობა, მიიღებს 10 %-იან ფასდაკლებას სპა პროცედურებზე, მაგალითად, შარდსასქესო ინფექციების დროს, რადგან გვაქვს მთლიანი პაკეტი სპა პროცედურების, გინეკოლოგიური ირიგაცია, ჰიდროკოლონოთერაპია, ტალახის აპლიკაცია, ვაგინალური ირიგაციები.
თქვენი დაკვირვებით, რატომ არის აქტუალური კურორტოთერაპია, რა განსაკუთრებული ბენეფიტი აქვს მას?
რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ კურორტოთერაპია, 21-ე საუკუნეში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაუმჯობესდა სამედიცინო მიმართულებები და თანამედროვე ტექნოლოგიები, კურორტოთერაპია მაინც არ კარგავს თავის აქტუალობას და პირიქით, უფრო და უფრო გადმოდის წინა პლანზე. თუნდაც ანტიბიოტიკორეზისტენტობა რომ ავიღოთ, რომელიც 21-ე საუკუნის მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა, ამ შემთხვევაშიც, ერთადერთი გამოსავალი კურორტული მკურნალობა და ბუნებრივი რესურსების ათვისება რჩება. ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ თანამედროვე მიდგომებთან და ტექნოლოგიებთან ერთად კომბინაციაში მოვახდინოთ ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისება და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი და ჯანმრთელი საზოგადოების ზრდას.