24 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ნუგზარ ერგემლიძე სტუმრობდა. გადაცემაში ხვიჩა კვარაცხელიასადმი მიძღვნილი სიმღერის პრემიერა შედგა.
ბატონო ნუგზარ, რა საინტერესო სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?
გარდა იმ სიმღერისა, რაც დღეს მოგიტანეთ, ვმუშაობ სხვა ახალ სიმღერებზეც. სულ ვმუშაობ რაღაც-რაღაცებზე. მაგალითად, სიმღერა „გაიღიმე“ ტელევიზორის ყურებისას დავწერე, ყოფილა, რომ სუფრასთან საუბრისას მიმიგნია რაღაც თემა.
როგორია სიმღერის ისტორია, რომელიც დღეს მოგვიტანეთ და რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეძღვნება?
მე უკვე ბევრი მსოფლიო ჩემპიონატი ვნახე. მახსოვს ქართველი ვარსკვლავები, მესხი, მეტრეველი, ხურცილავა, ახლაც მახსოვს მათი კადრები, შემდეგ უკვე ყიფიანი, გუცაევი, შენგელია, დარასელია და დღეს, მგონი, კვარას და საქართველოს ნაკრების, ამ თაობის ჯერი მოვიდა, რომ გაიბრწყინონ. რა თქმა უნდა, კვარასთან ერთად ბევრი კარგი ფეხბურთელია, თუნდაც, მამარდაშვილი, სახელოვანი მეკარე, დავითაშვილი, აზაროვი… ქართველებს ვგულშემატკივრობ. კვარას შესახებ სხვადასხვა მომღერლებმა შექმნეს სიმღერები. მე გადავწყვიტე, შემართებითი, სასტადიონე სიმღერა გამეკეთებინა. კვარამ იცის, რომ ყველას უყვარს. სიმღერა ზურა კობეშავიძის სტუდიაში ჩაიწერა, მას ეკუთვნის არანჟირება.
საქართველოს გარდა ვისი გულშემატკივარი ხართ?
საერთოდ, მე ყოველთვის ბრაზილიის ქომაგი ვიყავი.
რომ არა მუსიკოსი, ფეხბურთელი იქნებოდით?
არ ვიცი. სხვათა შორის, მხატვარიც ვარ, ეს საოცარი რამეა, ყველა ადამიანი ცხოვრებას ხატვით იწყებს. ფეხბურთი მიყვარდა, მაგრამ აღარ გავაგრძელე.
ხომ არ აპირებთ თქვენი ძველი სიმღერების განახლებას?
სხვათა შორის, ახალგაზრდები მღერიან ხოლმე, ერთი-ორი სიმღერა მეც ვიმღერე.
ნუგზარ ერგემლიძე – კვარადონა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნუგზარ ერგემლიძე. ვიდეო კოლაჟი