“ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს”– ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ახალგაზრდები ე.წ. კანონიერი ქურდის დედისთვის ფულის შეგროვების გამო დააკავეს.
“მინდა შევეხო, ერთ ასეთ თემას, რასაც ჰქვია ქურდული ტრადიციები და 223-ე პრიმა მუხლი, რომელიც ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონებული. 5 ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო რომ 20-20 თუ 30 ლარი ვიღაცა კანონიერი ქურდის თუ რაღაცას დედას შეუგროვეს. იმისთვის რომ ჩავიდეს თავის შვილთან. ან რა არის ეს ქურდული ტრადიციები? ვინმე დაფიქრებულა ამაზე? ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, გადმოსულია კავკასიური ტრადიციებიდან და რატომრაც ქურდული დაარქვეს და ჩვენ კიდევ ამ კავკასიური და ქართულის გამო ციხეში გავუშვათ ყველა და ჩავჯდეთ მაშინ სულ ყველა ციხეში. რაღაცა მართლა მოსაფიქრებელია ამასთან დაკავშირებით. ეს არის სპეციალურად გაკეტებული. გასაგებია, რომ რუსეთს აწყობდა რომ მთელი ქურდული სამყარო წასულიყო დასავლეთში, რომ გაეკონტროლა მთელი ქუჩა დასავლეთში. მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ? ქართველები რა შუაში ვართ?” – განაცხადა კვიციანმა