2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მასთან დაკავშირებული პროცესები. ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნები და მთავრობის პასუხი. რა გამოსავალი არსებობს და როგორია ექსპერტის შეფასება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამ თემაზე „ფორტუნა“ პოლიტიკოსს, რესპუბლიკური პარტიის წევრს, დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.
როგორ შეაფასებთ ცესკოსთან გამართულ საპროტესტო აქციას და განვითარებულ მოვლენებს?
ეს იყო ძალადობა აქციის მონაწილეთა მიმართ, რომელიც არანაირად არ ყოფილა გამოწვეული აუცილებლობით. რეალურად არ ხდებოდა შენობაში შეჭრა და არც შტურმი ყოფილა, რაზეც ბატონმა კობახიძემ ისაუბრა. მომიტინგეთა ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო მისული აქციაზე, სულ რაღაც 100 კაცი იყო. ამასთან, უამრავი მედიის წარმომადგენელი იმყოფებოდა იქ. ამ დროს დაიწყო წყლის ჭავლის მიშვება. ამან ბუნებრივია სიტუაცია ძალიან დაძაბა და ცხადია პროტესტმა მიიღო უფრო მწვავე ხასიათი. ეს არაადეკვატური გადაწყვეტილება იყო, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხდა წყლის ჭავლის გაშვება, რაც კანონდარღვევაა. იქ რაც მოხდა, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
ცხადია, რომ ოპოზიციის მოთხოვნებს ხელისუფლება არ თანხმდება. ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი, რა დათმობაზე მოუწევთ მხარეებს წასვლა შედეგის მისაღებად?
მე არ შევხედავდი ასე, რომ ეს არის ორი თანაბარი პასუხისმგებელი მხარე. ბუნებრივია ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, მაგრამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა პირველ რიგში ის, რომ ის კონფრონტაციაზე კი არ უნდა მიდიოდეს, არამედ ცდილობდეს სიტუაციის განმუხტვას, სტაბილურობის დამყარებას.
ისედაც რთულ ვითარებაში ვართ, პანდემიაა. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები. შეეცადოს მოლაპარაკებას და კომპრომისი მოიძიოს. ოპოზიციამ თავიდანვე ისეთი მოთხოვნები წამოაყენა, იმის იქით ვეღარ წავლენ. მათ უკან დასახევი გზა თავიდანვე მოიჭრეს. ყველამ უნდა ვეძებოთ გამოსავალი და პირველ რიგში ხელისფლება უნდა ცდილობდეს, რომ არ ხდებოდეს დაპირისპირების სტიმულირება.
ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო, პარტნიორების დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. როგორ ფიქრობთ შეიძლება თუ არა სტრატეგიული პარტნიორების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები შედეგიანი იყოს?
აუცილებელია და სხვანაირად არც ვფიქორობ. გააჩნია ვინ რას შესთავაზებს ერთმანეთს. ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართვის გარეშე რა თქმა უნდა უბრალოდ არც მოხდება არაფერი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, როდესაც პროპორციულ სისტემაზე იყო საკმაოდ დიდი პროტესტი, სწორედ აშშ-ის, ევროკავშირის და დასავლეთის პოზიცია გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ შემდგომში ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახლაც ვფიქრობ, რომ ეს საჭიროა.
მიგაჩნიათ თუ არა, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლის თაობაზე კატეგორიული მოთხოვნაა?
თავიდანვე უარყოფითად შევაფასე ის, რომ პირველივე მოთხოვნა ასეთი რადიკალური დააყენეს. მანდატებზე უარის თქმა ვფიქრობ უნდა ყოფილიყო უკანასკნელი ზომა. მანამდე სხვა მოთხოვნები უნდა წაეყენებინათ. გადათვლა, გასწორება, მეორე ტურებში მონაწილეობა. თუ არ იქნებოდა საშველი და გაყალბება მიიღებდა მასობრივ ხასიათს, მანდატებზე უარი უნდა იყოფილიყო უკანასკნელი ზომა.
როგორ ფიქრობთ რომელიმე ოპოზიციური პარტია შეცვლის თუ არა გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით?
გამორიცხული მგონია. ოპოზიციას შეუძლია შექმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში ისე, რომ ხელისუფლებას არც დაეკითხოს.
თუ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოხერხდება შეთანხმება, რომ შეიქმნას ერთობრლივი საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებდა ამ საარჩევნო პროცესში მიმდინარე დარღვევებს, თუ შედეგები ისეთი იქნებოდა, რომ ეჭქვეშ დადგებოდა ლეგიტიმურობა – ჩატარებულიყო რიგგარეშე არჩევნები ისე, რომ ამის პირობა უნდა ყოფილიყო ორმხრივი. ოღონდ, ახალი ცესკოთი, ბუნებრივია ცესკოს ახალი თავმჯდომარით და ობიექტური საარჩევნო გარემოთი. მეეჭვება ეს მოხდეს, უტოპიური მგონია.
აქვს ოპოზიციას იმის თქმის საფუძველი, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვა?
ყველამ ვიცით, რომ ოქმებში ბევრი არეულობაა. მსგავსი რამ იშვიათად მახსოვს. შევარდნაძის მერე ასეთი რამ არ ყოფილა. კიდევ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო მსგავსი. გაყალბების პროცენტი ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა ძალიან ბევრია. ჩვენ რიგითმა ადამიანებმა როგორ გავარჩიოთ რომელია საგანგებოდ გაყალბებული?
ყველაზე სწორი გზაა განვიხილოთ, გადავთვალოთ და შევხედოთ. მაგრამ არ უნდათ.
იყო ეს იმ მასშტაბის გაყალბება, რომ შედეგებზე ემოქმედა?
ამაშია საქმე, რომ არ ვიცით. აქ შეიძლება 3%, 4% ან 5% იყოს გადამწყვეტი. დავუშვათ ხელისუფლებას, რომ დააკლდეს 5% ან 6% პროცენტი, ამის გამო შეიძლება ვერ შექმნას მთავრობა ან პირიქით. ძალიან მცირე პროცენტზეა ლაპარაკი. თუნდაც 6% ან 7% მნიშვნელოვან სხვაობას იძლევა შემდეგ მანდატებში, ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად დათვლა. ეს არის ამ საპარლამენტო სისტემის თავისებურება. აქ თითოეულ პროცენტს დიდი მნიშველობა აქვს.
რით განსხვავდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები უწინდელი არჩევნებისგან? რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ამ მოვლენებმა?
გამიჭირდება განსხვავებაზე ლაპარაკი. მთელი პრობლემა ის არის, რომ დიდად არ განსხვავდება. კვლავ კომფრონტაცია, კვლავ ორპოლუსიანობა, კვლავ ერთ მხარეს ხელისუფლება და მეორე მხარეს ოპოზიცია, კვლავ ერთმანეთის მტრად გამოცხადება, კვლავ ქუჩაში ყოფნა, დარბევები. დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ წარსულთან და სწორედ ეს არის პრობლემა.