უკვე ათწლეულებია რაც ითვლება, რომ ბედნიერებას ორი მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს: წარმატებული კარიერა და ქორწინება. არის თუ არა ეს მართლაც ასე? აუცილებელია თუ არა საქორწინო ბეჭედი ბედნიერებისათვის? ცოტა ხნის წინ ამ მიმართულებით ჩატარებულმა კვლევამ ამ კითხვას საინტერესო პასუხი გასცა…
1998 წელს ჟურნალ „ქორწინება და ოჯახში“ დაიბეჭდა კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყანაში ჩატარდა. იმ კვლევის მონაცემებით, წარმატებული ქორწინება ბედნიერების მთავარ განსაზღვრელ ფაქტორად დასახელდა, რომელმაც კარიერულ წარმატებასაც კი გადაასწრო. თუმცა ახლახანს ჩატარებული კვლევის შედეგები განსხვავებულია.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კვლევის ფარგლებში 7500-ზე მეტი ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობის და ქორწინების ისტორია მოისმინეს. კვლევაში მონაწილე პირთა ასაკი 18-დან 60 წლამდე მერყეობდა. მათ უსვამდნენ ისეთ კითხვებს, როგორიცაა მაგალითად: „თქვენი აზრით, ადამიანი სასიყვარულო ურთიერთობაში უნდა იყოს იმისათვის, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი?“, „უბედური ხართ თქვენი გადაწყვეტილებით, რომ ცხოვრება მარტოს გაგეტარებინათ?“ და ა.შ.
გამოკითხულები სამ ძირითად ჯგუფად დაყვეს.
პირველი ჯგუფი: 79%- ისინი მთელი ცხოვრება ერთ ქორწინებაში იყვნენ.
მეორე ჯგუფი: 8 % – გამოკითხვის მომენტისათვის სასიყვარულო ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ, ცხოვრების უმეტესი ნაწილი კი დაუქორწინებლები იყვნენ.
მესამე ჯგუფი: 13% – ადამიანები არამყარი ურთიერთობებით, განქორწინების და ხელმეორე ქორწინების ისტორიებით და ა.შ.
კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ ბედნიერება არა ქორწინებაზე, არამედ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი აზროვნება და ცხოვრებისეული ფილოსოფია აქვს ადამიანს. შეიძლება მთელი ცხოვრება უბედურ ქორწინებაში იყოთ, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მარტომ ძალიან ბედნიერად გაატაროთ წლები და ცხოვრების სხვა ასპექტებით დატკბეთ, მაგალითად მეგობრებთან ურთიერთობით, სხვადასხვა ჰობით და კარიერული წარმატებებით. ბედნიერება ინდივიდუალურია და ყველა ადამიანისათვის სხვადასხვა მოცემულობას მოაქვს იმის მიხედვით, თუ რა აბედნიერებს მას. შესაბამისად, საქორწინო ბეჭედი ბედნიერების აუცილებელი პირობა არ არის.