LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: ექსტრემალური სიცხე კიდევ ერთი მილიარდი ადამიანის ჯანმრთელობას ემუქრება

105
ქირიას NEWS შაბლონი

ექსტრემალური სიცხე მსოფლიოში სულ უფრო მეტ ადამიანს უქმნის საფრთხეს. ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპული ცენტრის (ECMWF) ახალი კვლევის თანახმად, ბოლო 50 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილების გამო კიდევ დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი აღმოჩნდა ისეთ რეგიონებში, სადაც უკიდურესად მაღალი ტემპერატურის რისკი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მეცნიერებმა 1970-იანი წლებიდან 2024 წლამდე პერიოდი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ 1970-იან წლებში ექსტრემალურ სიცხეს, როდესაც ჰაერის „შეგრძნებადი“ ტემპერატურა წელიწადში მინიმუმ ერთხელ 46°C-ს აღწევდა, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ყოველი მეექვსე ადამიანი აწყდებოდა. დღეს ეს მაჩვენებელი უკვე ყოველ მეხუთეზე მეტია.

კვლევაში გამოყენებულია უნივერსალური თერმული კლიმატის ინდექსი (UTCI), რომელიც მხოლოდ ჰაერის ტემპერატურას კი არ აფასებს, არამედ იმასაც, თუ როგორ აღიქვამს სიცხეს ადამიანის ორგანიზმი. ინდექსი ითვალისწინებს ჰაერის ტენიანობას, ქარის სიჩქარეს, მზის გამოსხივებასა და სხვა გარემო ფაქტორებს.

მეცნიერების განმარტებით, ყველაზე დიდი საფრთხე იქმნება მაშინ, როდესაც მაღალი ტემპერატურა ტენიანობას, უქარო ამინდსა და მზის ძლიერ გამოსხივებას ერთდროულად ემთხვევა. ასეთ პირობებში ორგანიზმს გაციების უნარი უქვეითდება, რაც სითბური დარტყმის და სხვა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკს ზრდის.

ევროპაში ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის არიან ესპანეთი, პორტუგალია, იტალია და საფრანგეთი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ცხელი ზაფხული ყოველთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, დღეს ექსტრემალური სიცხის დროს ტემპერატურა დაახლოებით 5 გრადუსით უფრო მაღალია, ვიდრე 50 წლის წინ.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროპა საშუალოდ ორჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო, რის გამოც არაერთი ქვეყანა ახალ პირობებთან ადაპტაციის ზომებს იღებს.

მაგალითად, საფრანგეთში ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას ხანდაზმულების ჯანმრთელობას უთმობენ – სოციალური მომსახურების თანამშრომლები მათ საკვებსა და მედიკამენტებს სახლში აწვდიან, ასევე ურჩევენ დღის ყველაზე ცხელ საათებში კონდიცირებულ სივრცეებში დარჩენას.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ასევე შეიცვალა შრომითი რეგულაციებიც. ძლიერი სიცხის დროს დასაქმებულებს ეძლევათ უფრო ხანგრძლივი შესვენებების, უფასო სასმელი წყლისა და სამუშაო დღის უფრო ადრე დაწყების შესაძლებლობა.

მეცნიერები და ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევენ, სიცხის პერიოდში მეტი სითხე მიიღონ, ატარონ ღია ფერისა და თავისუფალი ტანსაცმელი, შუადღის საათებში (11:00-15:00) მოერიდონ მზეზე ყოფნას, შეამცირონ ფიზიკური დატვირთვა და საცხოვრებელი სივრცე ზედმეტი სითბოსგან დაიცვან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები