LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: იმ შტატებში, სადაც მარიხუანას მოხმარება ლეგალურია, მასზე დამოკიდებულთა რიცხვი გაიზარდა

89
eat-banner-1024x512

მარიხუანას ლეგალიზებას შესაძლოა დადებითი მხარეებიც აქვს, თუმცა ამჯერად მის უარყოფით მხარეებზე შევაჩერებთ ყურადღებას.  აშშ-ში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ იმ შტატებში, სადაც მარიხუანას მოხმარება  ლეგალური გახდა, გაიზარდა როგორც მომხმარებელთა, ასევე მასზე დამოკიდებულთა რიცხვიც.

პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია 17 წლის ასაკის ქვემოთ და 26 წლის ასაკის ზემოთ პოპულაციაში. კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ საერთო ჯამში მარიხუანაზე დამოკიდებულების შემთხვევები იმ შტატებში, სადაც მისი ლეგალიზაცია მოხდა, სამჯერ გაიზარდა.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ლეგალიზაციის შემდეგ აშშ-ის იმ ოთხ შტატში, სადაც კვლევა ჩატარდა: კოლორადოში, ვაშინგტონში, ალასკასა და ორეგონში ძალიან მოიმატა არა მხოლოდ მარიხუანას მოხმარების, არამედ კანაფზე დამოკიდებულების (Cannabis use disorder- CUD) შემთხვევებმაც. ეს არის ფსიქოლოგიური დარღვევა,  მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ შეუძლია მარიხუანას მოხმარების შეწყვეტა მიუხედავად იმისა, რომ მას ეს სურს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერები იკვლევდნენ მოხალისეთა მიერ მიწოდებულ მონაცემებს იმის შესახებ, თუ როდიდან დაიწყეს მათ მარიხუანას მოწევა – შტატში ლეგალიზებამდე თუ მას შემდეგ, ასევე რამდენს ეწეოდნენ ისინი და ჰქონდათ თუ არა პრობლემა მოწევის შეწყვეტასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, მკვლევრებმა  505 796 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს.

აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ოთხ შტატში მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვი 26 წლის ასაკზე უფროს ადამიანებში 23%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც შტატებში მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდა. 17 წლამდელთა პოპულაციაში ამ რიცხვმა 25% შეადგინა.

კვლევა სამედიცინო ჟურნალ JAMA Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g