გაერთიანებულ სამეფოში სპეციალისტები ოთხდღიანი სამუშაო კვირის დანერგვის ინიციატივით გამოვიდნენ. მიზეზი ახალი კვლევაა, რომლის მიხედვითაც, ხანგრძლივი სამუშაო საათები სიმსუქნის ზრდასთან არის დაკავშირებული. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
კვლევა European Congress on Obesity-ზე წარადგინეს. მეცნიერებმა 1990-2022 წლებში 33 ქვეყნის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანები მეტ საათს მუშაობენ, სიმსუქნის მაჩვენებელიც უფრო მაღალია.
კვლევის ავტორების თქმით, ხანგრძლივი სამუშაო დღე ზრდის სტრესს, ამცირებს ფიზიკური აქტივობისთვის დარჩენილ დროს და გავლენას ახდენს კორტიზოლის – სტრესის ჰორმონის დონეზეც, რაც ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს.

კვლევის მიხედვით, სამუშაო საათების ყოველ 1%-იან შემცირებას საშუალოდ სიმსუქნის 0.16%-იანი კლებაც შეიძლება მოჰყვეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირა ადამიანებს მეტ დროს დაუტოვებს ვარჯიშისთვის, ჯანსაღი კვებისთვის და დასვენებისთვის.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უფრო მოკლე სამუშაო კვირა უკვე დანერგილია ან ტესტირების რეჟიმში მოქმედებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ბრიტანეთშიც ასობით კომპანია მსგავს მოდელზე გადავიდა. თუმცა, ბრიტანეთის მთავრობა ამ ეტაპზე სავალდებულო ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღებას არ გეგმავს.
