მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელ მასწავლებელს, ლადო აფხაზავას, რომელსაც 10 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კიდევ 8 პირთან ერთად 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ჯარიმის თანხა მასწავლებლებმა შეუგროვეს.
როგორც ლადო აფხაზავა მედიასაშუალება „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს, მას, ჯამში, 5 800-მა პედაგოგმა 1,50 ლარი გადაურიცხა.
„საოცრება ხდება ჩემ თავს. არ ვიცი საიდან ამხელა სოლიდარობა, ძლივს შევძელი და მარტო დავითვალე რამდენი ლარნახევარი იყო ჩარიცხული, რადგან ვიცოდი, რომ ვინც ლარნახევარს ჩარიცხავდა, ყველა პედაგოგი იქნებოდა.
5 800 პედაგოგზე მეტია უკვე, რომლებმაც 1.50 ლარი ჩარიცხა. ამის გარდა, კიდევ, მეცხრეკლასელებისთვის რაღაც ტკბილეული ვიყიდე და რომ ვნახე, ამის შემდეგ, კიდევ ათი ტრანზაქცია იყო გაკეთებული.
ჯარიმას მეც გადავიხდი და შეიძლება სხვასაც გადავუხადო. ალბათ ჟურნალისტებს დავეხმარები, რომლებიც თავიანთი კოლეგების გამო, ძალიან მყარად იდგნენ იქ, სასამართლოში…
ჯარიმებმა უფრო გაგვაძლიერა. ამ სასამართლო პროცესმა უფრო გაგვაერთიანა და უფრო დაგვარწმუნა იმაში, რომ როგორც ჩვენ ვფიქრობთ და ვაპროტესტებთ, თურმე ჩვენსავით ათასობით, ათიათასობით ადამიანი ფიქრობს.
ამით მივხვდი, რომ ძალიან ბევრნი ვართ. დაღუპულია „ქართული ოცნება“, დამთავრებულია ამის შემდეგ. ჩემი საბანკო ანგარიშები, რომ ნახონ, მაშინვე მიხვდებიან რომ დამთავრებული არიან“, – უთხრა ლადო აფხაზავამ „ბათუმელებს“.
ცნობისათვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, მასწავლებელი ლადო აფხაზავა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კიდევ რვა პირთან ერთად სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი; მაია ცირამუა – ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება 26 იანვარს, ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. შეკრებილები „ბათუმელებისა„ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ.
საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა.