ძალიან გთხოვთ, ტვინში ნუ აურევთ ერთმანეთს საქმეს, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას „ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის წესის არჩევის ცვლილების საკითხზე საუბრისას.
„ზოგჯერ ტვინის უჯრედებიც არ ეთანხმებიან ერთმანეთს რაღაცაში და აშლილობის დროს ორგანიზმი წააგებს.
ძალიან გთხოვთ, ტვინში ნუ აურევთ ერთმანეთს საქმეს. ჩვენში მთავარი მოქმედი ორგანო, პარლამენტი, ეს არის ტვინი და გთხოვთ, ტვინში ინფექციის შემოტანას თავი დაანებეთ“, – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს სახალხო დამცველის ახალ წესს, რომელიც 31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. ევროკავშირის მოთხოვნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე, სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობის მინიჭებას დამოუკიდებელი პირისათვის, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასა და აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს.