LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაკო ბუკია: „ჩემს მეუღლეს მოსწონს ჩემი საქმე…“

325

დიზაინერი ლაკო ბუკია თავის ახალ კოლექციას თბილისი მოდის კვირეულის ფარგლებში, ღონისძიების პირველ დღეს, გახსნაზე წარადგენს. მისი ჩვენება სასტუმროში „რუმსი თბილისი“ გაიმართება.

ჩვენების წინ დიზაინერს ვესტუმრეთ. მისი სამოსი მოდელმა ნინა ფოცხიშვილმა მოირგო. ლაკოს კოლექციაზე ვესაუბრეთ.

ლაკო ბუკია:

თბილისის მოდის კვირეულს 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციით მე გავხსნი. ის ორად არის დაყოფილი იმის მიხედვით, ტყავისგანაა შეკერილი თუ სხვა ფერადი ქსოვილისგან. ხავერდის ქსოვილზე დატანილი მაქვს პრინტი, რომლის შექმნაზეც თავად ვიმუშავე და ინსპირაცია გახლდათ კერამიკული ფილები. კოლექციის მოსამზადებელი პერიოდი ორ თვეზე მეტხანს მოიცავდა. საერთოდ, როდესაც მზადებას ვიწყებ, პირველ რიგში, უნდა გადავწყვიტო, რა ქსოვილები უნდა გამოვიყენო და რა ტექნოლოგიით სჭირდება დამუშავება. ელიავაზე და სხვაგან, სადაც კერამიკული ფილები იყიდება, ყველგან გახლდით, დავათვალიერე, გავაკეთე დიზაინი და შემდეგ ეს ყველაფერი ქსოვილზე გადავიტანე. ნატურალური ტყავის დაბოლოებებსაც არ შევეხე, ისე დავტოვე, როგორც ბუნებრივად აქვს, შესაბამისად, თითოეული სამოსი არის ორიგინალური, რადგან ტყავის დაბოლოება ვერ გამეორდება. კოლექციაში ასევე არის ბრჭყვიალა ძაფით ნაქარგი…

DSC_8027დიდი ხანია, კოლექცია არ გაგიკეთებია?

კოლექციებს შორის დიდი პაუზა არ მქონია. უბრალოდ, ამერიკაში გახლდით სასწავლებლად, ორი წელი ვსწავლობდი, მაგისტრატურა დავამთავრე, ძალიან პრესტიჟულ „პარსონის“ უნივერსიტეტში, შემდეგ სამსახურის მოძებნა მინდოდა, მაგრამ პირადი ცხოვრების გამო, მომიწია საქართველოში დაბრუნებამ, რადგან ჩემს მეუღლეს ვიზა არ მისცეს. ნიუ-იორკში წარვადგინე ერთი კოლექცია, ერთიც – აქ. გარდა ამისა, გავაკეთე კიდევ ერთი ხაზი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა.

მეუღლეს მოსწონს შენი შემოქმედება? შენიშვნებს ხომ არ გაძლევს?

ვფიქრობ, რეზიკოს კარგი გემოვნება აქვს, თუმცა უფრო მეტად სადა, სპორტული სამოსი მოსწონს. დიზაინს რომ ვაკეთებ, ეს ძალიან შრომატევადი და ღრმა პროცესია. ამაში ნაკლებად ერევა, თუმცა მეუბნება, რა მოსწონს. ის არანაირად არ მიშლის ხელს, ძალიან მეხმარება და გვერდში მიდგას, მოსწონს ჩემი საქმე. ვფიქრობ, მეორე ნახევრის გვერდში დგომა ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგჯერ, დიდი შრომის გამო, რაც კოლექციის შექმნას სჭირდება, იშვიათად ვარ სახლში, მაგრამ ეს ესმის. ხელოვან ადამიანს სტრესის ქვეშ მუშაობა გაუჭირდება, მას თავისუფლება სჭირდება, რომ კრეატიულობა არ დაითრგუნოს. თუკი მეორე ნახევარს არ მოსწონს შენი საქმე, ეს ძალიან რთულია. რეზიკოს ინტერესებს მეც ვითვალისწინებ. ისევე კარგად ერკვევა მანქანებში, როგორც მე დიზაინში. ძალიან უყვარს ამ თემაზე საუბარი. ჩვენ შორის სრული ურთიერთგაგებაა (იღიმის).

ლაკო, კოლექციას რომ დავუბრუნდეთ. ამ ბოლო დროს მომრავლდა ბლოგები, სადაც იწერება დიზაინერების კრიტიკა. ელოდები ახალი კოლექციის წარდგენის შემდეგ კრიტიკულ შენიშვნებს?

ჯანმრთელი კრიტიკა, მაგალითად, იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც მილიონი რამ აქვთ ნანახი, შესაბამისი გამოცდილებაც აქვთ და ეს სფერო კარგად იციან, მისაღებია და აუცილებელი. მათგან კრიტიკას დაველოდები და დიდი ინტერესით მოვისმენ. უბრალო მაყურებელი თუკი არ მოეწონება, ესეც გემოვნების ამბავია. შეუძლებელია, ყველას მოეწონოს შენი ნამუშევრები, მაგრამ ამას სერიოზულად არ მივიღებ.

ნინო მურღულია

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g