LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლალი მოროშკინა ვაჟის ქორწილის დეტალებზე: „ქორწილში 600 კაცი იყო… ჩემი რძლის დიდი ბაბუა მიხეილ ბულგაკოვი გახლდათ…“

425
ლალი მოროშკინა

რამდენიმე დღის წინ თბილისის ზღვაზე ულამაზესი ქორწილი გაიმართა: ლალი მოროშკინას უმცროსი შვილი, გიორგი ღოთვაძე დაქორწინდა, რაც მისმა ოჯახმა გრანდიოზული ცერემონიით აღნიშნა.

ლალი მოროშკინა „კვირის პალიტრასთან“ ვრცლად საუბრობს ქორწილის დეტალების შესახებ.

– დედამთილი უკვე მეორედ გავხდი და არც ერთი შვილის ქორწინებაში ზედმეტად არ ჩავრეულვარ. ჩემი პირველი რძალი, ლალი ჯავახიაა – ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც ყველას მოსწონდა. ჩემთან, კონფლიქტების სამინისტროში, ინტერვიუსთვის რომ მოდიოდა, სულ ვამბობდი: ასეთი ცქრიალა, ჭკვიანი და ლამაზი გოგო მინდა რძლად-მეთქი. სანდრომ ის ჩემგან დამოუკიდებლად გაიცნო და ცოლად მოიყვანა. მეორე შვილზეც ანალოგიური რამ განმეორდა: სიღნაღში, ჩემთან, სტუმრად ჩამოვიდა არაჩვეულებრივი ოჯახი, რომელიც მოსკოველმა ქართველებმა გამომიგზავნეს. სწორედ ამ ოჯახის წევრი იყო ჩემი მომავალი რძალი – ვერა. ერთმანეთი იქ გაიცნეს, ძალიან ლამაზი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ვიდრე ცოლად მოიყვანდა, მისი ოჯახი მეც გავიცანი.

– პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო?

– ყველაზე მეტად გამახარა იმის აღმოჩენამ, რომ ჩვენსავით თბილი და შეკრული ოჯახი ჰქონიათ. სხვათა შორის, ვერას დიდი ბაბუა მიხეილ ბულგაკოვი იყო და ვერას ოჯახი მის სახლში ცხოვრობდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ 2016 წელს, მე და გიორგი მოსკოვში ვიყავით, მან ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა და თქვა, მხოლოდ ამ სახლში ვიცხოვრებდიო. ჰოი საოცრებავ, როდესაც ვერას ბებია გარდაეცვალა და მე სამძიმრისთვის ჩავედი, აღმოჩნდა, რომ ეს მიხეილ ბულგაკოვის სახლი იყო. მე სულ ვამბობ, რომ ადამიანმა თავის გენეტიკას პატივი უნდა სცეს, ამიტომ, ჩემმა რძალმა მეუღლის გვარი რომ მიიღო, ვუთხარი, რა საჭიროა გვარის შეცვლა-მეთქი, შემომხედა და მითხრა: ჩვენ ქართული ოჯახი გვაქვსო. ვერამ ქართული ენა ისწავლა და ქართული ტრადიციებით ცხოვრობს. მისი ახლობლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ჩვენ ერთი დიდი ოჯახი გავხდით.

– როგორ შეძელით მთელი ნათესაობის ერთად შეკრება და ასეთი გრანდიოზული ქორწილის გადახდა?

– ვერა და გიორგი ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ ეს ქორწილი გადაეხადათ. რასაკვირველია, უფროსებიც დავეხმარეთ, მაგრამ ყველაფერი მათი სურვილით მოხდა. ჩვენ ინტერნაციონალური ოჯახი გვაქვს, რომლის ნაწილი ევროპასა და ამერიკაში ცხოვრობს, მეორე ნაწილი – პეტერბურგსა და სოჭში. ჩემი რძლის ნათესაობაც მთელ მსოფლიოშია გაფანტული. მე მოვისურვე, რომ ორივე ოჯახის ნათესაობა ერთად შეგვეკრიბა და ეს ბედნიერი დღე ერთად გვეზეიმა. სამი თვით ადრე დავიწყე ჩვენს ნათესავებთან მოლაპარაკება.

მიხარია, რომ გიორგის ქორწილში ყველა ჩვენი ნათესავი ჩამოვიდა და ძალიან ლამაზი სანახაობა გამოგვივიდა.

სადღეგრძელოებს 3 სხვადასხვა ენაზე ამბობდნენ, თამადა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ძალიან კარგი ჟურნალისტი – ზურაბ დვალი იყო, რომელმაც ამ რთულ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა. ქორწილში თითქმის 600 კაცი იყო. საუკეთესო ანსამბლები გვყავდა მოწვეული და საუკეთესო მოცეკვავეები ცეკვავდნენ.

სიძემ და პატარძალმა ჯერ სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს, მერე კი საკუთარ ქორწილში იალქნიანი ნავით მოცურდნენ.

ყველაფერი ქართული ტრადიციის მიხედვით ჩატარდა: ნეფე-პატარძალმა ცეკვა “ქართული” შეასრულა, რასაც “მრავალჟამიერი” და სხვა ქართული სიმღერები მოჰყვა. ქართული სიმღერების სერიას ჯემალ სეფიაშვილი უძღვებოდა, ბოლოს დიჯეიც მოვიწვიეთ და თანამედროვე მუსიკაც აჟღერდა. მიხარია, რომ ქორწილი ძალიან ლამაზი გამოვიდა და ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები