LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini ელექტრომობილის გამოშვებაზე საბოლოოდ უარს ამბობს

105
ქირიას NEWS შაბლონი (2)

იტალიურმა ბრენდმა Lamborghini-მ საბოლოოდ დაადასტურა, რომ სრულად ელექტრული ავტომობილის წარმოებას აღარ გეგმავს. კომპანია ყურადღებას ჰიბრიდებზე გადაიტანს. გადაწყვეტილება ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნის ფონზე მიიღეს, წერს The Guardian.

ბრენდის აღმასრულებელი დირექტორის, სტეფან ვინკელმანის თქმით, სრულად ელექტრული მოდელის განვითარება შესაძლოა „ძვირად ღირებულ ჰობად“ გადაიქცეს. მისი შეფასებით, კომპანიის კლიენტებში ბატარეაზე მომუშავე ავტომობილების მიღების ტენდენცია პრაქტიკულად ნულოვანია.  ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის ასახელებს ემოციური კომპონენტის ნაკლებობას – კერძოდ, ძრავის ხმას, რომელიც Lamborghini-ს იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

კომპანიის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ბრენდის მოდელური რიგი მხოლოდ ჰიბრიდებისგან შედგება. როგორც ვინკელმანმა აღნიშნა, ბაზარი და მომხმარებლები ჯერ მზად არ არიან სრულად ელექტრულ სუპერქარებზე გადასასვლელად. მისი თქმით, ასეთ პირობებში მსხვილი ინვესტიციები ელექტრომობილების განვითარებაში ფინანსურად გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა როგორც აქციონერების, ისე თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის.

ტოპ-მენეჯერის განმარტებით, ჰიბრიდი აერთიანებს „ორი სამყაროს საუკეთესო თვისებებს“ – ელექტროძრავის სწრაფ აჩქარებას დაბალ ბრუნვებზე და შიდა წვის ძრავის ემოციურობასა და სიმძლავრეს.

შეგახსენებთ, რომ ვინკელმანმა ელექტრული Lamborghini-ს გაუქმების შესახებ ჯერ კიდევ 2025 წლის შემოდგომაზე ისაუბრა. მაშინ მან აღნიშნა, რომ მსგავსი ავტომობილი მიუღებელი იქნებოდა არა მხოლოდ რეალური მყიდველებისთვის, არამედ ბრენდის გულშემატკივრებისთვისაც – იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლოა ვერასოდეს შეძლონ Lamborghini-ს შეძენა, თუმცა ბრენდის იმიჯზე მნიშვნელოვან გავლენას მაინც ახდენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები