Lamborghini-მ ჰიბრიდული სუპერქარის Revuelto-ს სპეციალური ვერსია – Miura 60° Homage წარადგინა. ახალი მოდელი ლეგენდარული Miura-ს დებიუტიდან 60 წლისთავს ეძღვნება. ავტომობილი Lamborghini-ის Ad Personam-ისა და Centro Stile-ის ერთობლივი პროექტია და მხოლოდ 99 ეგზემპლარად გამოვა. სპეციალური სერიის ფასი ჯერ არ გაუმხელიათ.
სპეციალური Revuelto-ს დიზაინში 1966 წელს წარმოდგენილი Miura-ს სტილის ელემენტებია გამოყენებული. მომხმარებლებს ძარასთვის ცხრა ისტორიული ფერიდან ერთ-ერთის არჩევა შეუძლიათ, მათ შორის Rosso Arancio, Arancio, Giallo, Verde Scandal, Blu Tahiti და Nero Noctis. ავტომობილის ქვედა ნაწილი კონტრასტულ ფერშია შესრულებული, ხოლო შესაბამისი კომპლექტაცია ოქროსფერი ან მქრქალი ტიტანისფერი დისკებითაა წარმოდგენილი.

სუპერქარის ექსტერიერს ასევე ამშვენებს Miura 60-ის ლოგო, შავი Lamborghini-ს ემბლემა, შავი სამუხრუჭე სუპორტები და მქრქალი გამონაბოლქვის მილები. სალონში კი გამოყენებულია 1960-იანი წლების ორიგინალური Miura-სგან შთაგონებული სავარძლების გაფორმება და ტყავის მოპირკეთება. თითოეულ ავტომობილს ასევე ექნება საიუბილეო ნაქარგი და სერიული ნომრის მქონე ნახშირბადის ფირფიტა.

ტექნიკური თვალსაზრისით, Revuelto Miura 60° Homage სტანდარტული Revuelto-ს აგრეგატს ინარჩუნებს. სუპერქარი აღჭურვილია 6,5 ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავითა და სამი ელექტროძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრე 1 015 ცხენის ძალას აღწევს. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას ავტომობილი 2,5 წამში ახერხებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ს აღემატება.

Miura, რომელიც Lamborghini-მ 1966 წელს წარადგინა, თანამედროვე სუპერქარების განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოდელად მიიჩნევა. მისი 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად Lamborghini-მ სპეციალური ღონისძიებები მონტერეის საავტომობილო კვირეულის ფარგლებშიც დაგეგმა.
ახალი Revuelto Miura 60° Homage-ის საჯარო პრემიერა Monterey Car Week-ის დროს, Lamborghini Lounge Monterey-ზე გაიმართება.