სუპერქარების იტალიური მწარმოებელი Lamborghini მოდურ ტრენდს არ ჩამორჩა და თავისი ქარხნის ტერიტორიაზე ფუტკრები მოაშენა.
ეკოლოგიის გადარჩენის მასშტაბური პროექტის ნაწილი სკების გაკეთებაა. ფუტკარი ავტომწარმოებელს უნდა დაეხმაროს იმის დამტკიცებაში, რომ სუპერქარების საწარმო გარემოს დაცვის საკითხში არსებულ ყველა მოთხოვნას პასუხობს. ადგილობრივი თაფლისა და სანთლის ანალიზის შედეგად სპეციალისტები ზუსტად დაადგენენ, თუ რამდენად ბინძურდება ჰაერი და არის თუ არა გარემოში ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებები.
გარდა ამისა, Lamborghini ე.წ. მარტოხელა ფუტკრების კოლონიის კვლევითაცაა დაკავებული. ასეთი ფუტკრები სკას 200 მეტრზე მეტი მანძილით არ შორდებიან, შესაბამისად, მხოლოდ თავის შთამომავლობაზე ზრუნავენ. ამ ოჯახების დახმარებით კონკრეტული რაიონების შესწავლა უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი.
Lamborghini-ს ტერიტორიაზე დაახლოებით 600 000 ფუტკარი ცხოვრობს. საფირმო სკები უკვე აქვთ ასევე Rolls-Royce–ს, Bentley–ისა და Porsche–ს.