„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავს ლამინ იამალს, შესაძლოა, 18 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წვეულებაზე მომხდარი მოვლენების გამო, იურიდიული პრობლემები შეექმნას და მისი იმიჯი სერიოზულად დაზიანდეს. ახალგაზრდა თავდამსხმელმა დაბადების დღე შაბათ-კვირას აღნიშნა, რომელსაც ბარსელონას მახლობლად მდებარე სანაპირო ქალაქში, დაახლოებით 250 ადამიანი დაესწრო.
წვეულება შაბათს საღამოს გაიმართა, ბარსელონას ფეხბურთელების მოსამზადებელი ფაზის პირველი ტესტებისთვის სავარჯიშო ცენტრში დაბრუნებამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ზოგიერთმა წევრმა, სავარაუდოდ, ღონისძიება ნაადრევად დატოვა, წვეულება, რომელსაც ასევე ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ, ყურადღების ცენტრში მოექცა.
აქონდროპლაზიისა და დისპლაზიის ასოციაციამ განაცხადა, რომ ლამინ იამალს უჩივლებს მას შემდეგ, რაც დამტკიცდება, რომ წვეულებაზე მან, სავარაუდოდ, გართობისთვის ნანოსომიით დაავადებული ადამიანები დაიქირავა, რაც ესპანეთში უკანონოა. ამ განცხადების შემდეგ, ესპანეთის მთავრობამ პროკურორს ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების დაწყება მოსთხოვა.
სოციალური უფლებების სამინისტრომ ასევე გაუგზავნა მოთხოვნა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ოფისს, რათა შეეფასებინათ, დაარღვია თუ არა იამალიმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონი, რომელიც კრძალავს მათ დაცინვას ან დამცირებას გართობის მიზნით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გენერალურმა დირექტორმა, ხესუს მარტინმა, განაცხადა, რომ საჭიროა განმარტება იმის შესახებ, ხდება თუ არა ნანოსომიით დაავადებული ადამიანების დეგრადაცია. დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს დიდ ჯარიმებს – 600 ათასიდან 1 მილიონ ევრომდე.