კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის „ტელესკოლის“ საგანმანათლებლო გადაცემას – „წითელ სკამს“ სტუმრობდა.
ლანა ღოღობერიძემ მოზარდებთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის სოლიდარობაზე, ახალგაზრდობასა და ბედისწერაზე:
„მგონია, რომ ამქვეყნად ადამიანის ყველაზე დიდი გრძნობა არის სოლიდარობა.
რას ნიშნავს სოლიდარობა? – როცა შენი ტკივილი ჩემი ტკივილიცაა, ჩემი ტკივილი შენი ტკივილია და სადღაც, ესპანეთში მცხოვრები ადამიანის ტკივილი ჩემი ტკივილია და მე მინდა, მას დავეხმარო, მას უნდა, მე დამეხმაროს.
თუ ეს გრძნობა კაცობრიობას გაგვაერთიანებს, მაშინ კაცობრიობა მართლა წინ წავა და ვიტყვი, რომ გადარჩება, რადგან კაცობრიობას ბევრი საფრთხე ელის…
ცხოვრებას რომ გაივლი, მერე უკვე ფიქრობ, რომ „აი, ყველაფერი თითქოს წინასწარ იყო რაღაცის მიერ დაგეგმილი“ – ხანდახან ეს ბედისწერაა.
ძირითადად, ბედისწერას ებრძვი ცხოვრებაში. მე გისურვებთ, რომ ასე პირდაპირ არ დაემორჩილოთ ბედისწერას, თორემ შეიძლება მერე სულ უბედური იყო ამ ცხოვრებაში…
ახალგაზრდობა ეს არის ერთადერთი ფასეულობა, რომელიც ღირს რომ გქონდეს. აი, წარმოიდგინეთ, რა კარგი სიტყვებია! ახალგაზრდობა ერთადერთი სიმდიდრეა, რომელიც ღირს რომ გქონდეს, სხვა სიმდიდრე სულ მოჩვენებითი და ეფემერულია.
ეს ცხადია რომ ასეა, მაგრამ მერე, მოწიფული ასაკიც ძალიან საინტერესოა – ჩემი ასაკი, რომელიც თითქოს მე თვითონ მიკვირს, რომ ვარ ამდენი წლის, მართლა მიკვირს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, თქვენსავით მიხარია სიცოცხლე“, – ამბობს ლანა ღოღობერიძე.