LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ღოღობერიძე: „ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო, ამ გოგო-ბიჭების საქართველო, რომელსაც არ ეშინია არც წიწაკის სპრეიგარეული წყლის ჭავლის, არც ქიმიურნივთიერებიანი ცრემლსადენი გაზის, არც მოძალადეთა სისასტიკის…“

267
ლანა ღოღობერიძე

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას „კვირის პალიტრასთან“ აფასებს და დასძენს, რომ დიდი ისტორიული მოვლენების შემსწრე ვართ.

ლანა ღოღობერიძე:

– უკვე ყველა უკიდურესობა დაგვატყდა თავს: ევროატლანტიკური გზიდან და კონსტიტუციიდან გადახვევა, პუტინის მოლოცვა, აქციის მონაწილეებზე აღვირახსნილი ძალადობა, თავდასხმები ჟურნალისტებზე. ვნახეთ, როგორ ურტყამდნენ წიხლებს წაქცეულ ადამიანს – არაადამიანურობის საზარელი გამოვლინება! კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ თავისუფალმა, ამაყმა ხალხმა, გამარჯვებულმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ყველამ ერთად, დაუძლეველი ეროვნული სულისკვეთებით მოვითხოვოთ ხელისუფლების გადადგომა! როცა ამას მივაღწევთ, ჩავატაროთ ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები!

ჩვენ დიდი ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ: დიდ განსაცდელებთან ჭიდილის შედეგად ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო, ამ გოგო-ბიჭების საქართველო, რომელსაც არ ეშინია არც წიწაკის სპრეიგარეული წყლის ჭავლის, არც ქიმიურნივთიერებიანი ცრემლსადენი გაზის, არც მოძალადეთა სისასტიკის. ეს არის სამოქალაქო ეროვნული იდეით და საუკუნეთა წიაღში დაბადებული ევროპული კულტურით შთაგონებული ქვეყანა, რომელმაც დაძლია ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა და იპოვა თავისი კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში. ვფიქრობ, ეს ახალი საქართველო ცარიელ ადგილზე არ დაიბადა, და ისევ და ისევ 9 აპრილი მიდგება თვალწინ: როგორ წამოვიდა მშვიდობიან მომიტინგეებზე თავისუფლების მოედნიდან ტანკები, როგორ დაგვდევდნენ ის უცხო ტომის, შემზარავი, ჩაფხუტიანი და მუზარადიანი, ნიჩაბშემართული არსებები, როგორ იდგა ეს ე.წ. საბჭოთა ხალხი ამ საშინელი ძალის წინ და მღეროდა… როგორ შევაფარეთ თავი ქაშვეთის ეზოს და საბოლოოდ, როგორ გადაგვარჩინა ქართულმა მილიციამ (მაშინ ქართული მილიცია ხალხის მხარეს დადგა!)! წლების მერე კი იყო ის დიდი მომენტი: ევროსაბჭოს ფასადის წინ, გერმანიის და საფრანგეთის დროშებს შორის აღიმართა ქართული შინდისფერი დროშა. არასდროს დამავიწყდება, რა მღელვარებით ადევნებდა თვალს ამ პროცესს ზურა ჟვანია, რომელმაც მაშინ წარმოთქვა ეს უკვდავი ფრაზა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი”.

ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას“

„დღეს არ შემიძლია მშვიდად ვუყურო როგორ ხელაღებით უსწორდებიან გულანთებულ ბავშვებს, რომლებსაც ჭიანჭველასთვისაც არ დაუდგამთ ფეხი, არ შემიძლია ვუყურო როგორ ართმევენ მათ არჩეულ მომავალს“ – თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამუნა კაპანაძე

„ვერ დააბრალებთ ამ პროტესტს ძალმომრეობას, ქუჩას ალაგებენ, ერთმანეთს იცავენ, სამკაულად ატარებენ აირწინაღს და თოვლის სათვალეს!“ – დრამატურგი პაატა ციკოლია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g