LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ღოღობერიძე სოფიკო ჭიაურელის შესახებ: „დაბოლოს, ასევე ეშმაკური ღიმილით მითხრა: დარწმუნებული ვარ, ის (თავს ჭერისკენ იშვერს) დამაცლის, სანამ ამ საქმეებს არ მოვრჩები, არ წამიყვანსო…“

198
ლანა ღოღობერიძე და სოფიკო ჭიაურელი

სოფიკო ჭიაურელის გვერდი ავრცელებს ამონარიდს ლანა ღოღობერიძის 2008 წელს გამოცემული წიგნიდან „პარიზული ჩანაწერები”, სადაც რეჟისორი მსახიობს იხსენებს:

„პარიზში ჩამოვიდა სოფიკო (ჭიაურელი). საშინელი ტკივილებით და ძველებური შემართებით. გაუკეთეს ტექნიკის სულ ბოლო მიღწევის სკანერი, რეზულტატი დამაიმედებელია… მაგრამ ტკივილები? ვსხედვართ მასთან, სასტუმროში, რიშელიეს ქუჩაზე, ფანჯარა პირდაპირ „კომედი ფრანსეზის“ ისტორიით დამძიმებულ და გამშვენიერებულ შენობას გადაჰყურებს. სოფიკო, რომელმაც ორიოდე წუთის წინ გამაყუჩებლები დალია და ცოტა ხნით შეინელა ტკივილი, მაშინვე ირგებს მისთვის ჩვეულ მასპინძლის როლს: სუფრას ნაირ-ნაირი ტკბილეულით შლის, ჩაის ასხამს და თავგამოდებით გვიმასპინძლდება. თან ღიმილით ამბობს: რამდენიმე აუცილებელი საქმე მაქვს გასაკეთებელიო, უნდა გავამთლიანო მამაჩემის დატოვებული სახლი, ანუ გამოვისყიდო მეორე სართული, რომელიც თავის დროზე ვერიკომ გაყიდაო, სახლის გვერდით ავაშენო თეატრი, რომლის მიწაც უკვე ნაყიდი მაქვსო, კიდევ რაღაცას ამბობდა, რაც უნდა გააკეთოს და რაც აღარ მახსოვს, დაბოლოს, ასევე ეშმაკური ღიმილით: დარწმუნებული ვარ, ის (თავს ჭერისკენ იშვერს) დამაცლის, სანამ ამ საქმეებს არ მოვრჩები, არ წამიყვანსო.

სოფიკო ამ ორიოდე თვის წინ იყო ჩამოსული პარიზში. ეს სიტყვებიც მაშინ დავწერე… და, აი, დღეს აღსრულდა კიდეც ის, რისიც ასე გვეშინოდა ყველას. სოფიკო აღარ არის ჩვენ გვერდით. და მისი არყოფნა, მოლოდინის მიუხედავად, მაინც თავზარია. უცებ ძალიან ხელშესახებად ვიგრძენი, როგორ გაფართოვდა სიცარიელე ჩემ შიგნით, სიცარიელე, რომელსაც ძვირფასი ადამიანის გარდაცვალება ტოვებს. ცხოვრება – დანაკარგების ჯაჭვი… არსებობ და სულ, გამუდმებით, რაღაცას კარგავ. რაც მეტ ხანს ცოცხლობ, მეტს კარგავ. სიცარიელე, თანდათან, მთელ შენ არსებობას ავსებს.

სოფიკო გარდაიცვალა და უცებ, ყველას თვალში, გაიზარდა, სხვა განზომილება მიიღო. ეს სიკვდილის თვისებაა: ადამიანს თავის ადგილს და მასშტაბს მიუჩენს. ზოგი იზრდება, იძენს მარადისობის ნიშნებს, ზოგი პატარავდება და უკვალოდ ქრება კიდეც.

სოფიკო დარჩა და ვიცი, რომ კიდევ გაიზრდება. ეს უნიჭიერესი, ლაღი, ახლობლებისთვის თავდადებული, დინამიკური, მგზნებარე ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს, ვაჟას სიტყვებით რომ ვთქვათ, „კახურ ღვინოსავით ირგებდა“. ადამიანი, რომელიც შეიყვარა ხალხმა. ეს კი, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. რაღაც დრო რომ გავა, ბევრ რამეს დავწერ სოფიკოს შესახებ, რადგანაც მიმაჩნია, ეს ჩვენი ვალია: ვთქვათ სიტყვები იმათზე, ვინც ჩვენზე ადრე წავიდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g