LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ღოღობერიძე: „ვიჯექი სახლში, ამ უდროო დროს მხარმოტეხილი, სავსე სინანულით, რომ ფიზიკურად ვერ ვესწრები კონცერტს და ვტიროდი…“

323
lana

ცნობილი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 11 აპრილს გამართულ კონცერტს ეხმიანება, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად, ქართველი და უკრაინელი არტისტების მონაწილეობით გაიმართა:

„ეს საღამო სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემში!

სოლიდარობის კონცერტი, მარათონი.

აქ იყო ყველაფერი – ტკივილი,ქცეული მუსიკალურ ჰანგებად, თვალები, აღვსილი თანაგრძნობის ცრემლით, ერთ ორგანიზმად შერწყმული, სხვადასხვა ქვეყნის ორი ორკესტრი – ადამიანური სოლიდარობის ხილული  გამოხატულება, და ბოლოს – სიკვდილი, ქცეული ხელოვნებად, ანუ სიცოცხლედ!

ისინი ისეთი მშვენიერები იყვნენ, უკრაინელი ქალი მუსიკოსები, ჩვენები, მაღალი იდეით შთაგონებულები – ნინო კასრაძე, ნიკა რაჭველი, ნინო ქათამაძე, ყველა სხვა მონაწილე… ის ცარიელი სკამებიც ისეთი მრავლისმთქმელი! მუსიკოსები, რომელთაც მუსიკალური ინსტრუმენტი იარაღზე გაცვალეს.

და ჯამალა – მოქალაქეობის ეთნიკურობაზე გამარჯვების სიმბოლო. ყირიმელი თათარი გოგონა – უკრაინის მოქალაქე, საყოველთაო თავისუფლების თავგადაკლული მომღერალი!

შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ, ჯამალა!

ტკივილიანი სიხარულით ვუსმენდი კონცერტს და უცებ გია ყანჩელის მუსიკის ხმები შემომესმა ჩემი ფილმიდან, და რაღაცნაირად გამიხარდა, თითქოს მეც, პირადად, გამოვხატავდი ჩემს სოლიდარობას უკრაინისადმი, სოლიდარობას და აღფრთოვანებას.

აქ, ამ გამორჩეულ კონცერტში, იყო ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ მოვევლინეთ სამყაროს – საერთო სულისკვეთება, სხვისი ტკივილის შენად აღქმა, თანაგრძნობის განცდა, სოლიდარობა, ხელოვნებით და სილამაზით ტკბობა – ადამიანის სულის ყველაზე მაღალი გამოვლინებები. და იქ კი, სიღრმეში, ეკრანზე – ბავშვთა წამება, სიკვდილი, აუხსნელი ბოროტება, ბოროტება, ბოროტება!

სიმფონიური ხორუმი“ – მქუხარე ტაში თბილისის საკონცერტო დარბაზში

აქ – ხუთჯერ, ათჯერ ფეხზე ამდგარი დარბაზი, სოლიდარობის დაუცხრომელი ტაში. და იქ, ეკრანზე – ისევ ნგრევა, განადგურება, ადამიანთა სასოწარკვეთა.

აქ – ხორუმი, როგორც სიმბოლო მძლავრ რიტმში ჩართული ადამიანების ერთიანობის, საბრძოლო შემართების!

და მე კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ვრწმუნდები  – ადამიანი ვერ დამარცხდება. ვერ დასამარდება ადამიანის სწრაფვა შენებისადმი, ერთიანობისადმი, სილამაზისადმი.

ბოროტების, ნგრევის, განადგურების სიმბოლო – ურჩხული ვერ გაიმარჯვებს!

ვიჯექი სახლში, ამ უდროო დროს მხარმოტეხილი, სავსე სინანულით, რომ ფიზიკურად ვერ ვესწრები კონცერტს და ვტიროდი.

ვტიროდი სასოწარკვეთით და „მეტის ლხენით”.

„უკრაინაში გაზაფხულია, გამოიდარა და იმის ნაცვლად, რომ ბავშვები გარბოდნენ ბაღებში, სკოლებში, ხალხი მიდიოდეს სამსახურში, იბომბება სამშობიაროები, საავადმყოფოები” – ნინო კასრაძის ემოციური მიმართვა

 

mazda magti 5g