დღეს ერთ ძალიან საინტერესო თემაზე გესაუბრებით – საპროცენტო განაკვეთები სესხებზე.
ეს ძალიან მტკივნეული თემაა ბევრისთვის. თითქმის ყველასთვის, ვისაც სესხი აუღია, აღნიშნავს, რომ საქართველოში არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები.
შევეცდები მოკლედ ავხსნა, რატომ გვაქვს ისეთი საპროცენტო განაკვეთები და ზოგადად, რისგან შედგება ეს საპროცენტო სესხი.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრება ქართულ საპროცენტო განაკვეთებზე არის ის, რომ ძალიან მაღალია. ეკონომიკაში აბსოლუტური რიცხვების შედარებას სჯობს, რომ ისინი რამეს შევადაროთ.
მაგალითად რომელ ქვეყანასთან შედარებით არის ჩვენთან მაღალი საპროცენტო განაკვეთი?
გერმანია და შვეიცარია?
მაგრამ მათი ეკონომიკაც ხომ ჩვენსას ბევრად სჯობს. ანუ რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები აქვს?
დიახ, ეს ძირითადად ასეა. შესაბამისად, ჩვენთან საპროცენტო განაკვეთები მაღალი ან დაბალი კი არ არის, არამედ არის ისეთი, როგორსაც ქვეყნის მდგომარეობა და ეკონომიკა განსაზღვრავს.
ალბათ, საინტერესოა, თუ რისგან შედგება სესხის საპროცენტო განაკვეთი და რა კომპონენტებს მოიცავს ის.
ისევე, როგორც ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, სესხის სარგებლობისთვისაც ვიხდით გარკვეულ თანხას – საპროცენტო განაკვეთს, რომელიც განსხვავებულია, როგორც ცალკეული სასესხო პროდუქტების, ისე სესხის გამცემი ორგანიზაციების ტიპის მიხედვით.
სესხის მთავარი შემადგენელი არის მოზიდული სახსრების ღირებულება.
ანუ რა უჯდება კომერციულ ბანკს ანაბარი, ან საერთაშორისო ორგანიზაციიდან ნასესხები თანხა. ან ეროვნული ბანკიდან ლარში ნასესხები თანხა. რამდენ პროცენტში აქვს ის თავად აღებული.
ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია რისკის პრემიუმი, რომელიც სხვადასხვა ტიპის რისკებს მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის რისკია – რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა ფინანსურად.
იაფი ევროპული სესხები რომ მოგვწონს და ვამბობთ, რომ იქ დაბალი საპროტესტო განაკვეთია, უსაფრთხოების კუთხითაც სხვადასხვა რისკების ქვეშ ვართ. რისკიც დაბალია და ფულიც უფრო იაფი.
ამ კომპონენტებს შემდეგ ემატება ადმინისტრაციული და სხვა ხარჯები და კომერციული ბანკების მოგების წილიც.
საბოლოო ჯამში ვიღებთ ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს. ის დღეს არის ისეთი, როგორიც არის.
ჯამში საპროცენტო განაკვეთი მინიმუმ ეს შეიძლება იყოს 10%. რატომ 10 %?
10% დღეს არის რეფინანსირების განაკვეთი. ის ღირებულებაა, რა ფასადაც ეროვნული ბანკები სესხულობენ ფულს. მინიმუმ ეს არის 10 %. შესაბამისად ამას თავისი რისკის პრემიუმი, ადმინისტრაციული ხარჯი, მოგების მარჟა ემატება და საშუალო საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ გამოდის 12-13 პროცენტი. იპოთეკურ სესხებზე 15-17 % საშუალოდ და ხანდახან 20-% -იც კი, საკრედიტო ბარათზე კიდევ უფრო მეტი.
ზოგადად რაც უფრო რისკიანია სესხი, მით უფრო ძვირი ღირს და მით უფრო მაღალია მისი საპროცენტო განაკვეთი.
რატომ?
იმიტომ, რომ რისკის პრემიუმი იზრდება.
სესხის ვერდაბრუნების რისკი როცა არსებობს და სხვადასხვა ტიპის რისკები, შესაბამისად უფრო ძვირი ღირს ასეთი ტიპის სესხი.
რომ შევადაროთ პირობითად ლარში საპროცენტო განაკვეთები, რატომაა დღეს საპროცენტო განაკვეთები ლარში მაღალი და დოლარში შედარებით დაბალი?
ლარში რეფინანსირების განაკვეთი მინიმუმ 10%-ია გათვალისწინებული.
დოლარში კი რომლის საპროცენტო განაკვეთს ძირითადად განსაზღვრავს აშშ-ის ცენტრალური ბანკი, ეს ფასი დღეს ძალიან დაბალია.
ამიტომ დოლარში და ევროში სესხის აღება საქართველოშიც კი შესაძლებელია 5-6 %-ში. (საუბარია გრძელვადიან იპოთეკურ სესხებზე).
მოგეხსენებათ 200 ათას ლარამდე სესხები, მხოლოდ ლარში გაიცემა.
ჩვენთან თუ გვინდა, რომ უცხოურ ვალუტაში სესხი ავიღოთ, მაშინ უნდა ავიღოთ 200 ათას ლარზე მეტი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში იქნება 60 -70 დოლარზე მეტი გადასახდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როცა ამხელა თანხას ვსესხულობთ, ე.ი. გაცილებით მეტხანს დავფიქრდებით, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, უფრო მეტი ცოდნა გვექნება სესხთან დაკავშირებით, რაც საბოლოო ჯამში არის ერთგვარი გარანტიაა იმის, რომ ჩვენ სავალუტო რისკს, რაც ახლავს სესხს, გავითვალისწინებთ.
რა არის სავალუტო რისკი?
სავალუტო რისკი არის რისკი, როდესაც სესხს ვიღებთ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი არ გვაქვს.
მაგალითად, როდესაც შემოსავალი გვაქვს ლარში და სესხს ვიღებთ სხვა ვალუტაში, თუ ლარის კურსი გაუფასურდება, ყოველთვიურად ჩვენ გაცილებით მეტი ლარი დაგვჭირდება, კონკრეტული დოლარის შესაძენად.
მაგალითად, 100 დოლარი თუ ღირდა 200 ლარი, 5-6 წლის წინ, ახლა 100 დოლარი ღირს 315 ლარი. 115 ლარით გაგვიძვირდა რამდენიმე წელიწადში. ამიტომ ეს სავალუტო რისკი უნდა გავითვალისწინოთ.
მიუხედავად იმისა, რომ დოლარში საპროცენტო განაკვეთი დაბალია – ამას აქვს თავისი ახსნა და საკმაოდ ლოგიკურია მათემატიკურადაც და საბანკო თვალსაზრისითაც.
მაგრამ ამ განსხვავებამ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში. თუ ჩვენ არ გვაქვს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში და პირობითად დოლარში, შესაძლებელია, რომ სავალუტო რისკის შედეგად ფინანსურად არ დაზარალდე.
პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით. 2012 წელს დოლარში ავიღე იპოთეკური სესხი.
წლების განმავლობაში გახსოვთ, რომ 1.65 იყო ლარი-დოლარის კურსი.
მაგრამ 2013 წლიდან ლარმა დაიწყო მკვეთრად გაუფასურება და როდესაც თვეში დაახლოებით 1500 ლარი მჭირდებოდა დაახლოებით 800-900 დოლარის შესაძენად, აღმოჩნდა, რომ ყოველთვიურად ეს თანხა განუხრელად მეზრდებოდა.
შემდეგ გადავწყვიტე, ეს სესხი გადამეტანა ლარში, რადგან შემოსავალი უცხოურ ვალუტაში არ მაქვს.
და შეიძლება ითქვას, რომ დავისვენე იმ მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, ყოველთვიურად იმაზე ნერვიულობა, რომ ვაიმე ლარის კურსი გაიზარდა, გაუფასურდა და ყოველთვიურად მეტი ლარის გადახდა მჭირდება, არ მიწევდა და ეს ჩემთვის სრულიად მომგებიანი აღმოჩნდა. ამიტომ ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საუბარია, ლარში ავიღოთ სესხი თუ დოლარში.
ამის ტენდენციას წლების განმავლობაში ვაკვირდებით, როდესაც საპროცენტო განაკვეთები, მუდმივად მცირდებოდა, მათ შორის ლარში და საბოლოო ჯამში მახსოვს იყო ერთნიშნა საპროცენტო განაკვეთები. თუმცა მოგეხსენებათ, ახლა ქვეყანაში არის მაღალი ინფლაცია.
გვაქვს ორწლიანი პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ისევ ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას, ამიტომ პირდაპირ არის დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთების საკითხი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან.
თუ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება, საპროცენტო განაკვეთებიც შემცირდება.
ეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ არის დამოკიდებული მხოლოდ კომერციულ ბანკებზე.
თუ ქვეყანა არ ვითარდება, საპროცენტო განაკვეთებს ბანკები თავისით ვერ დაუწევენ.
მე თუ რაიმე ნივთი 10 ლარში მაქვს აღებული, 9 ლარად ხომ ვერ გავყიდი?
შესაბამისად იმისთვის, რომ ჩვენც კმაყოფილები ვიყოთ და კომერციულმა ბანკებმა უფრო მეტი სესხი გასცენ, მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.
შევეცადე, მოკლედ მესაუბრა ამ საჭირბოროტო საკითხზე, რადგან ძალიან ხშირად არის არასწორი წარმოდგენები სესხების საპროცენტო განაკვეთებთან,
და სამწუხაროდ მოქალაქეები, იმის გამო, რომ არ აქვთ საკმარისი ფინანსური განათლება და ინფორმაცია, შედიან შეცდომაში და ჰგონიათ, რომ ვიღაც ან უხოეთში ან საქართველოში თავის განაკვეთს აწესებს და მისით ვოპერირებთ ყველა.
არა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.