ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია. 21 წლის ქართველმა ფალავანმა, რომელმაც ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე მხრის სერიოზული ტრავმა მიიღო, მთელი ტურნირი სახვევით ჩაატარა.
ბექაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში მან პოლონელ პიოტრ კუჩერას ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ბრძოლა შებოჭვით დაასრულა
მეორე ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან ვაზარით აგებდა, თუმცა ჩამორჩენა ვაზარით და ავასატე-იპონით აღმოფხვრა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს ჰანსოკუ-მაკეთი სძლია.
ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.
ფინალურ შეხვედრაში ლაშა ბექაური ტურნირის აღმოჩენას გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. ლაშამ ფინალში ტრიპელს ვაზარი აუღო და სამი წამი დააკლდა მეტოქის შესაბოჭად, მაგრამ ლაშამ ბრძოლა ჭკვიანურად მიიყვანა გამარჯვებამდე.
ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქრო და 2 ვერცხლია.