მწერალი ტორესა მოსი ლაშა ბექაურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ ანალიზს აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ გუშინწინ ლაშა ბექაურმა საკუთარ სოციალურ ქსელებში თავად განათავსა ვიდეო სახელწოდებით „ბუბუ“, რომელმაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
განხილვის საგანი გახდა – ლომის ბოკვერი, რომელიც აღნიშნულ ვიდეოში ჩანს, ამასთან, მოქალაქეები დაინტერესდნენ, რატომ მოძრაობს ძიუდოისტი ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლში.
„მოდი რაღაც ავხსნათ შეურაცხყოფის, ლანძღვის და ეგზალტაციის გარეშე. ლაშა ბექაური უდავოდ ძალიან კარგი სპორტსმენია, მე მას გულწრფელად ვგულშემატკივრობდი და ხვალ რომ გადიოდეს რამე ჩემპიონატზე კვლავაც ისევე გულწრფელად ვუგულშემატკივრებ. პრობლემა არის არა მის პიროვნებაში, არამედ წესრიგში, რომელიც ამ ქვეყანაში შეიქმნა ხელოვნურად. ის უბრალოდ არასწორ მოედანზეა და ვინც არ უნდა აღმოჩნდეს არასწორ მოედანზე, ყველა აღმოჩნდება იგივე მდგომარეობაში.
წარმოიდგინეთ, რომ ფიზიკოსების საერთაშორისო კონფერენციაზე, გია დვალის ნაცვლად წავიდე. ან იგივე ოლიმპიადაზე, ლაშა ბექაურის ნაცვლად გავიდე. დაახლოებით ამ მდგომარეობაში ჩააყენა ქართულმა ოცნებამ ეს ადამიანი. ლაშა ბრწყინვალეა თავის სივრცეში, თავის სპორტში, თავის საასპარეზო მოედანზე, თუმცა არა პოლიტიკაში, რადგან როგორც სპორტი, ისე პოლიტიკა, საჭიროებს შესაბამის წვრთნას და უნარებს და როდესაც ეს წვრთნა და უნარები არ გაქვს, გემართება ზუსტად იგივე, რაც დაემართებოდა პოლიტიკოსს სპორტულ ასპარეზობაზე. აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკოსიც შეიძლება იყოს შეთავსებით კარგი სპორტსმენი, ისე როგორც კარგი სპორტსმენი შესაძლოა აღმოჩნდეს კარგი პოლიტიკოსი. უბრალოდ ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში ეს შესაბამისი უნარებისა და ვარჯიშის გარეშე ვერ მიიღწევა.
რითი განსხვავდება რუსული და ზოგადად არაცივილიზებული სამყაროები, ევროპული და ამერიკული სამყაროსაგან? მთავარი განმასხვავებელი არის კანონის წინაშე თანასწორობა. კანონის წინაშე თანასწორობა განსხვავდება უნარებით თანასწორობისაგან. ბუნებით ადამიანები განსხვავებული უნარებით ვიბადებით, შესაბამისად, ამ განსხვავებულ უნარებში არ ვართ თანასწორები და ვერც ვიქნებით. შესაბამისად, ჩვენი შედეგები შესაძლოა განსხვავებული იყოს, მაგრამ ამავდროულად იმის გამო, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ბაზისურ საკითხებში ყველას გვეძლევა თანაბარი უფლება და გვეკისრება თანაბარი პასუხისმგებლობა.
სწორედ ეს ქმნის კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტს. იგი ეყრდნობა ჯონ ლოკის აღმოჩენას (თუმცა ეს იდეა მანამდეც არსებობდა, ქრისტიანობაშიც, ბუდიზმშიც, ისლამშიც და ანტიკურ ფილოსოფიაშიც, უბრალოდ ჯონ ლოკმა სამართლის პრინციპად ჩამოაყალიბა), რომ ყველა ადამიანს, უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანად დაიბადა აქვს სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების უფლება.
ამერიკელებმა ეს უკანასკნელი ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებით ჩაანაცვლეს, თუმცა შინაარსს ჩემი აზრით დიდად არ ცვლის.
ეს ნიშნავს, რომ როგორი განსხვავებული უნარებითაც არ უნდა დაგვაჯილდოვოს ბუნებამ, ეს სამი პირობა, ყველას ერთნაირად გვჭირდება. თანამედროვე სამართლის მთელი ფუნდამენტი, რასაც ადამიანის უფლებებს ვეძახით, ამის აღიარებას ეფუძნება. შესაბამისად, განსხვავებული უნარების წყალობით, ჩვენ შეიძლება განსხვავებული შედეგები გვქონდეს, ვიღაც უფრო მდიდარი ან წარმატებული იყოს, ვიღაც უფრო პოპულარული, ვიღაც უფრო ჭკვიანი და ამის შედეგებით განსხვავებული სიკეთეები მიიღოს, მაგრამ არაფერი არ აუქმებს ამ წესს, რომ ეს არ აუქმებს კანონის წინაშე თანასწორობას.
კანონის წინაშე თანასწორობა ნიშნავს, როგორც კანონის მიერ თანაბრად მონიჭებულ უფლებებს, ისე თანაბრად დაკისრებულ პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის და ადამიანის ვერც ერთი მიღწევა ან დამსახურება ვერ გააუქმებს ამას. ესაა ის ბაზისური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა თანამედროვე ცივილიზებული სამყარო.
რუსულ და სხვა არაცივილიზებულ სამყაროებში ეს პრინციპები ან საერთოდ უგულებელყოფილია, ან მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მოდი ავიღოთ რუსული სამყარო. რუსული სამყარო იერარქიულია. იერარქიულობა ნიშნავს, რომ რაც უფრო მაღალ პოზიციაში ხარ ამ იერარქიაში, მით უფრო მეტი უფლება გაქვს და მით უფრო ნაკლები პასუხისმგებლობა გეკისრება კანონის წინაშე. ეს გულისხმობს არა მხოლოდ უფრო მეტ სიმდიდრეს ან პრივილეგიას, არამედ კანონის დარღვევის მეტ შესაძლებლობას პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე. მაგალითად რიგითი რუსი მოქალაქე თუ მოკლავს თავისნაირ რიგით თანამოქალაქეს, მას დაიჭერენ და კანონის შესაბამისად მრავალი წლით გაუშვებენ ციხეში, მაგრამ თუ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი მოსკოვის ცენტრში მდებარე ოფისში უცნობი შეიარაღებული პირებით შეიჭრება და ადამიანებს დახოცავს, მას არავინ შეეხება. რომც დასაჯონ ეს სასჯელი ახლოსაც არ იქნება რიგითი რუსი მოქალაქისადმი დაკისრებულ სასჯელთან. ამ სამყაროში არ არსებობს სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების უფლება ყველასთვის. ეს უფლებები ადამიანს ენიჭება და მათი ხარისხი დამოკიდებულია იერარქიაში ადამიანის ადგილზე.
შესაბამისად, ასეთ სამყაროში, საბოლოოდ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენ უნარებს და დამსახურებებს, მთავარია რამდენად ახლოს ხარ ამ იერარქიის მწვერვალთან. ამ სიახლოვეს განაპირობებს ამ წესრიგისადმი შენი უპირობო ერთგულება და მხარდაჭერა. ამ იერარქიას, შენ შეიძლება სხვადასხვა ნიშნით დასჭირდე, მას შესაძლოა დასჭირდეს შენი სპორტული მიღწევები, ადამიანების დარწმუნების უნარი, ან ფიზიკის ცოდნა. ვერასოდეს გამოითვლი ზუსტად, სისტემას რა პრინციპით შეიძლება დასჭირდეს რამე, ამიტომ არავის შეუძლია ზუსტად თქვას, რა მიმართებაა ადამიანის უნარსა და ამ იერარქიაში მის ადგილზე. როგორც წესი ეს ასიმეტრიულია. ამიტომ ასეთ სისტემაში ინდივიდუალურ უნარებსა და მიღწევებზე მნიშვნელოვანი, სისტემასთან თანამშრომლობის უნარებია და როდის და რამდენად შეიძლება დასჭირდეს ამ სისტემას შენი თავი.
სამწუხაროდ, საქართველოში უკვე 12 წელია ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ, უბრალოდ აქამდე გარკვეული მუხრუჭები ამ ყველაფერს ამდენად ცხადსა და აუტანელს არ ხდიდა. ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერება კი სწორედ ამ ფუნდამენტური შეუთავსებლობის შედეგია. რამდენი ტყუილიც არ უნდა მოყვნენ ქოცებმა გლობალური ომის პარტიაზე, საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე, სუვერენიტეტის დაცვაზე და ა.შ. პრობლემა შექმნა სწორედ ევროკავშირის კარის რეალურმა გაღებამ. ევროკავშირში ყოფნა არათავსებადია ასეთ იერარქიულ სისტემასთან. ორბანი შეიძლება პრორურსი ნაბიჭვარია და ყველანაირად ცდილობს საკუთარ ქვეყანაში ასეთი იერარქიის ჩამოყალიბებას, მაგრამ მისთვისაც კი შეუძლებელია უნგრეთში ასეთი იერარქიული მოწყობის შექმნა, სანამ უნგრეთი ევროკავშირის წევრია.
ისევე როგორც, მაგალითად ანგელა მერკელი თითქმის 20 წელი ხელმძღვანელობდა გერმანიას, მაგრამ გერმანია ამას რუსული ტიპის მმართველობად არ უქცევია. ქართულ ოცნებას ცხადია შეეძლო პოლიტიკური თამაშით თუნდაც კიდევ ათი წელი დარჩენილიყო ხელისუფლებაში, მაგრამ იძულებული გახდებოდა უარი ეთქვა სწორედ ამ იერარქიულობაზე. აქ წარმოიშვა ფუნდამენტური შეუთავსებლობა ევროკავშირთან და ზედაპირზე ამოვიდა ის, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ რეალურ პრობლემად იდგა.
ლაშა ბექაურის შემთხვევაც, სწორედ ამიტომ იწვევს საზოგადოებაში რეაქციას. მისი მიღწევები არ აუქმებს მის პასუხისმგებლობას კანონის წინაშე და არ ანიჭებს სხვა მოქალაქეებისაგან განსხვავებულ უფლებებს. რა თქმა უნდა მას შეუძლია თამამად დატკბეს საკუთარი მიღწევების ნაყოფით, ჰყავდეს პორშე, ჰქონდეს ძვირადღირებული საათი, დაისვენოს მალდივებზე და ა.შ. და ა.შ. რაც უნდა ის აკეთოს, მაგრამ მხოლოდ კანონის ფარგლებში.
ოოოოო, მაშინ რა ჯანდაბად მინდა მიღწევებიო, ვინც ფიქრობთ, რუსეთში უვიზოდ შეგიშვებენ და თქვენ სპორტულ, კულტურულ თუ სხვა მიღწევებსაც სათანადოდ დააფასებენ. თუ რაკეტის აწყობა შეგიძლიათ, მთლად გულში ჩაგიხუტებენ, ფულშიც ჩაგახრჩობენ და თუ საღამოს რომელიმე მოსკოვურ ღამის კლუბში ვინმე ვანია შემოგაკვდებათ, არც ამის გამო გაგიშვებენ ციხეში. ნუ ცხადია თქვენი აწყობილი რაკეტებით უკრაინაში ქალებს და ბავშვებს დახოცავენ, მაგრამ ნუ თქვენ გენიოსი ხართ, ისინი კი არავინ, ამიტომ სათვალავშიც ჩასაგდებები არ იქნებიან. უბრალოდ ჩვენ, ქართველი ხალხის უმრავლესობას, ფაქტია, რომ ასე ცხოვრება არ გვინდა. ჯიუტად არ გვინდა და ამას არაფერი ეშველება“, – წერს ტორესა მოსი.
ცნობისთვის, ლომის ბოკვერი, რომელსაც ძიუდოსიტი თბილისის ქუჩებში ასეირნებდა, დღეს თბილისის ზოოპარკს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ლაშა ბექაურმა გაავრცელა სოციალურ ქსელში.
„ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია“ – ლაშა ბექაური