ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს იმ პატრულირების შესახებ, რომელიც მან და მისმა მეგობრებმა საოკუპაციო ხაზთან შემოიღეს. ლაშა სცემს პასუხს კითხვას, რა შეიცვალა მას მერე, რაც მათ პატრულირების გადაწყვეტილება მიიღეს.
„ვრცელი პასუხი ერთი მეგობრის კედელზე, კომენტარში დასმულ შეკითხვაზე: “და მერე რა, რომ პატრულირებენ, გაიქცნენ რუსები?!.”
მოკლედ, როცა ეს მოძრაობა დავიწყეთ, დავიწყეთ ისეთმა ადამიანებმა, რომლებსაც უბრალოდ, მოგვბეზრდა ფბ-ზე პროტესტი და ვცადეთ, რუსეთის ოკუპაცია უფრო ქმედითად გაგვეპროტესტებინა. ცხადია, ჩვენი აქტივობა სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებში უნდა ჩამჯდარიყო – იარაღით ოკუპანტებთან დაპირისპირება სახელმწიფოს პრეროგატივაა და გაცხადებული იყო და არის, რომ ამას საქართველო არ აკეთებს.
ვიფიქრეთ და მოვიფიქრეთ ისეთი აქტივობა, რომ არც ოკუპანტებისგან ვყოფილიყავით შორს, არც საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები ადამიანებისგან და თანაც, მუდმივად საოკუპაციო ზოლზე ყოფნით, ოკუპაციის თემისთვის მივიწყების საშუალება არ მოგვეცა. მოვიფიქრეთ პერფორმანსი, მოვიფიქრეთ ანტიოკუპაციური ტაქსი, რითაც პატრულირებისთვის საჭირო თანხას ვაგროვებთ+ანტიიმპერიალისტურ და ანტიიანდექსურ კამპანიას ვეწევით, მოვიფიქრეთ პატრულირება, შევათანხმეთ შსს-სთან და 2017 წლის 23 ივლისიდან დღემდე ერთი დღეც არ ჩაგვიგდია. ამ ხნის განმავლობაში არ გვქონია არანაირი დაფინანსება, გარდა მოქალაქეების შემოწირულობისა, ზოგჯერ არ გვქონდა საწვავის ფული და მარშრუტკებს მივყვებოდით ყარაფილამდე, დღე რომ არ ჩაგვეგდო, ყველანაირ ამინდში ვიდექით და ვიდგებით.
მესმის, რომ ზოგს ეს ურაპატრიოტიზმად ეჩვენება, ზოგს მეტიჩრობად, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, ეს გამოსავალი ვიპოვეთ – 15-დე ერთნაირმა ადამიანმა თანამოაზრეები შემოვიკრიბეთ და მიზანს მივაღწიეთ: წელს ოკუპაციას უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე შარშან და ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიცაა. რაც მთავარია, ამ ხნის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ არც პროვოკატორები ვართ, არც პოლიციას ვაწვებით ზედმეტ ტვირთად და არც არავისგან არაფერს ვითხოვთ – დეოკუპაციის განხრით ვაქტიურობთ.
50 დღეა, კოდაში, სადაც ოკუპანტები დღესაც ცხენებით დარბოდნენ, სადღეღამისო ბანაკი გვაქვს, ერთმანეთს ვენაცვლებით. ვისაც პატარები გვყავს შვილები, მათთან ურთიერთობას ვთმობთ, სახლში ყოფნის კომფორტს ვცვლით კარავში ძილზე და ამას არ ვაკეთებთ პოლიტიკური კარიერისთვის, ამას არ ვაკეთებთ ფულისთვის. ახალ წელსაც კი იქ, ყარაფილაში, მაგისტრალზე შევხვდით, ბედობას – ერგნეთში…
დამიჯერე, პირადად მე ერთი სული მაქვს, როდის მექნება სამსახურიდან თავისუფალი დრო, რომ გავქანდე და კოდაში ჩავიდე, ასე არიან სხვებიც. იქ ჩვენ ერთმანეთს ვუფრთხილდებით, ლუკმას ვუყოფთ, ვუნახავთ, საერთო საქმის კეთების განცდა გვაქვს და გული გვწყდება, როცა ყველაფერ ამას მეტიჩრობას არქმევენ.
კითხულობთ – რომ პატრულირებენ, მერე რა ამითო… გეტყვით და ნახეთ აბა, თუ არაფერი: როცა დავიწყეთ, ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ჩვენს დანახვაზე რუსები თავპირისმტვრევით არ გაიქცეოდნენ, მაგრამ დამიჯერეთ, სამოქალაქო პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი, უკვალოდ არაფერი ქრება და რუსებს არანაკლებ დისკომფორტს უქმნის ჩვენი აქტივობა, ვიდრე ავტომატები შეუქმნიდა: ისინი სახეებს მალავენ, გვარიდებენ თავს, გვემალებიან, რადგან იციან, რომ ვუღებთ, ლაივს ვრთავთ, ვაქვეყნებთ, ვყვირით, ვამხელთ – ძალიან კარგად იციან, რომ აქ უკანონოდ არიან, არა აქვთ ის შემართება, რაც ჩვენ, რადგან ვიცით, რომ მართლები ვართ.
და აი, ვართ ასე – ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენთვის ცოტა, სულ ცოტათი შვების მომტანი აღმოჩნდა და უკვალოდ არ დაკარგულა ეს: ბი ბი სიმ, ალ-ჯაზირამ, უკრაინულმა არხებმა, რუსულმა “დოჟდმა”, უამრავმა ბლოგერმა (არაფერს ვამბობ ქართულ მედიაზე) გააშუქეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საოკუპაციო ზოლზე დადიან, მონიტორინგს ატარებენ და განგაშს ტეხავენ, როცა საფრთხე რეალურია…
მე მგონი, ფბ-ზე ფრეიმების დაყენებას და პროფილის სურათების ცვლას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, არაფრით ჩამოუვარდება და რა ვიცი, აბა…“