საქართველოს პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წლის საქართველოს ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით:
- რეალური ეკონომიკური ზრდა 6%;
- მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დეფლატორის პროგნოზი 3%;
- საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება;
- ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 99 მილიარდ 239 მილიონი ლარის ოდენობით. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 9700 დოლარს აჭარბებს;
- ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 25,5%-ია, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 25 მილიარდ 305 მილიონ ლარს;
- ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი – 500 მილიონი ლარი;
- ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი – მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი 35,9%.
2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, 32 მილიარდ 400 მილიონ ლარს შეადგენს.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია.
გამოყოფილი თანხის ფარგლებში:
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება;
- 70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, ასევე იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 350 ლარის, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 420 ლარის ოდენობით;
- შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით;
- სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტს;
- ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.