იტალიური ყავის გიგანტი „Lavazza“ აშშ-ის ბაზარზე ერთჯერად ესპრესოს ტაბლეტებს ოფიციალურად მიმდინარე წლის აგვისტოში ჩაუშვებს, ერთჯერადი ყავის სეგმენტში კონკურენტის – Keurig Dr Pepper-ის დომინირების შესამცირებლად.
კომპანიამ ახალი პროდუქტი – Tablì, მარკირებით „100% ყავა“, შარშან წარადგინა და მისი გაყიდვა თავდაპირველად იტალიაში დაიწყო. ყავის ტაბლეტები წარმოადგენს დაპრესილ დაფქულ ყავას და არ შეიცავს არანაირ შემკვრელ ნივთიერებებს ან ჟელატინს. მათი გამოყენება მხოლოდ „Lavazza“-ს სპეციალურ ყავის აპარატებშია შესაძლებელი.
საწყის ეტაპზე აღნიშნული პროდუქტი ხუთი სახეობით იქნება წარმოდგენილი: კლასიკური ესპრესო, ორმაგი ესპრესო, უკოფეინო ესპრესო, super crema და lungo (შედარებით დიდი მოცულობის ესპრესო, რომელიც მეტი წყლით მზადდება).
ბრენდის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია წინასწარი შეკვეთა 99.99-დოლარიანი კომპლექტისა, რომელიც მოიცავს ყავის აპარატს, 60 ცალ სხვადასხვა სახეობის ტაბლეტსა და რძის ამომყვანს (milk frother).
Tablì-ის შექმნა „Lavazza“-ს მიერ 2020 წელს იტალიური სტარტაპის „Caffemotive“ შეძენის შედეგია. ახალი პროდუქტის ბაზარზე გასატანად კომპანიას ხუთწლიანი მუშაობა, 15-ზე მეტი პატენტი და ახალი საწარმოო ინფრასტრუქტურა დასჭირდა.
