LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეიბორისტული პარტია“ მზადაა დააბრუნოს ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში“ – გაერთიანებული სამეფოს მომავალ პრემიერს ლიდერობას ულოცავენ

170
რიში სუნაკი და კირ სტრამერი

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტული პარტია“ ლიდერობს – ეგზიტპოლის თანახმად, მათ თემთა პალატაში 410 მანდატი მიიღეს. ამ ეტაპზე, ხმების დათვლა მიმდინარეობს.

როგორც გავლენიანი გამოცემა The Guardian წერს, „ლეიბორისტებმა“, გაერთიანებულ სამეფოში 4 ივლისს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, თემთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.

განვლილ არჩევნებზე კომენტარი თავად გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, კეირ სტარმერმა გააკეთა და თქვა, რომ ცვლილებები ახლა იწყება:

„ჩვენ ეს შევძელით! თქვენ ამისთვის ჩაატარეთ კამპანია, იბრძოლეთ, მიეცით ხმა, ცვლილებები ახლა იწყება – ოთხწელიწადნახევრიანი მუშაობა პარტიის ცვლილებაზე. შეცვლილი „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც მზადაა ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და დააბრუნოს ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში“, – განაცხადა კეირ სტარმერმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების შემდეგ, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ დამარცხება აღიარა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, გამარჯვება მიულოცა.

როგორც სუნაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, „კონსერვატორების“ მარცხზე პასუხისმგებლობას იღებს და მათთვის ბრიტანელების ვერდიქტი გამოსაფხიზლებელი იქნება. თავად რიში სუნაკმა თემთა პალატის არჩევნებში გაიმარჯვა იორკშირში, რიჩმონდის ოლქში.

„დღეს ძალაუფლება მოწესრიგებულად და მშვიდობიანად შეიცვლება. ეს არის ბრიტანელი ხალხის მიერ გამოტანილი განაჩენი ჩვენს გამოსაფხიზლებლად. ბევრი რამ არის სასწავლი და დასაფიქრებელი. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ დანაკარგზე“, – განაცხადა სუნაკმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, კირ სტრამერს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიულოცა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია:

„გილოცავთ დიდი ბრიტანეთის ისტორიულ არჩევნებში გამარჯვებას. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს.

მოუთმენლად ველოდები თქვენთან და თქვენს მთავრობასთან მუშაობას. მალე შევხვდებით ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაზე 18 ივლისს დიდ ბრიტანეთში, სადაც განვიხილავთ საერთო გამოწვევებს, მათ შორის სტაბილურობას, უსაფრთხოებას, ენერგეტიკასა და მიგრაციას“, – წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამაც მიულოცა და X-ზე დაწერა, რომ გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია ევროკავშირის საერთო ღირებულებებსა და მრავალწლიან მეგობრობაზე:

„გილოცავთ კირ სტრამერ! ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მრავალწლიან მეგობრობაზე. როგორც მოკავშირეები და პარტნიორები, ჩვენი საერთო ინტერესშია მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება“. – წერს რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, კირ სტრამერს მიულოცა.

„გილოცავთ გამარჯვებას. მოუთმენლად ველოდები კონსტრუქციული პარტნიორობის ფარგლებში თქვენთან მუშაობას საერთო გამოწვევების გადასაჭრელად და ევროპული უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები ოთხ ივლისს გაიმართა. გამარჯვება „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მოიპოვა და ქვეყანას, „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, სათავეში პირველად ჩაუდგება.

თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი კირ სტრამერი გახდება.

magti 5g