LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა გრძელიშვილი: „გიორგიმ თავის თავზე ძალიან ბევრი იმუშავა… ძალიან ბევრ რამეზე აქვს ნაფიქრი. დრო ბევრი ჰქონდა. რვა წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობს…“

416
გიორგი გველესიანი

ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მთელმა საქართველომ ცოტა ხნის წინ ნაკრების შემადგენლობაში გაიცნო. მან მოედანზე გამოჩენის პირველივე წუთებიდან მიიპყრო ყველას ყურადღება, რადგან ჩვენს საამაყო მიღწევაში უდიდესი როლი შეიტანა.

როგორც უკვე ვიცით, გიორგი თეირანის „პერსეპოლისის“ წარმატებული ფეხბურთელია. მისი ცხოვრების შესახებ დედა, ქალბატონო ლელა ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს მოუთხრობს.

– რა ხდებოდა ეს პერიოდი თქვენს ოჯახში?

– სიზმარში ვიყავი. სიმართლე გითხრათ, დიდად ვერ გამოვხატე ემოცია, გაოგნებული ვიყავი, შოკირებული. ახლა უკეთ რომ ვაცნობიერებ, კიდევ უფრო მეტად გახარებული ვარ. მანამდე იმხელა ემოციები იყო, მიჭირდა გამკლავება. თურმე, ამხელა სიხარულთან გამკლავებაც ძალიან რთული ყოფილა. იმდენად მომიცვა, რომ სტრესშიც ჩამაგდო. შეიძლება, ამან გაგაგიჟოს კიდეც. ნამდვილად არ მეგონა ასე.

– მგონია, რომ თვითონ ძალიან გაწონასწორებულია ემოციურად.

– უკვე დაღვინდა, მაჭარი აღარ არის. 33 წლის მამაკაცია. ძალიან ბევრ რამეზე აქვს ნაფიქრი. დრო ბევრი ჰქონდა. რვა წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობს. რა თქმა უნდა, მეუღლე ხშირად აკითხავს, ყოველწუთიერი კონტაქტი აქვს ჩვენთან, მაგრამ, ფაქტობრივად, ხომ მაინც მარტო იყო იქ. არც გართობა, არც დროსტარება, უნდა ივარჯიშო, იკითხო, განვითარდე. ისეთიც არ არის, რომ წამოწვეს და არაფერი აკეთოს.

– ყველა ხაზს უსვამს, როგორი განათლებული და დაფიქრებულია…

– თავის თავზე ძალიან ბევრი იმუშავა. ამაზე ბევრს ვსაუბრობდით ხოლმე. ვეუბნებოდი, რა იცი, გამოხვალ თუ არა ფეხბურთელი ან როგორი ფეხბურთელი გამოხვალ – შეიძლება, ძალიან ნიჭიერიც იყო, მაგრამ არ გაგიმართლოს. ამიტომ გვინდოდა, რომ სხვა პროფესიასაც დაუფლებოდა. თვითონაც ჰქონდა ამის შეგნება და ინტერესი. სხვათა შორის, წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები, გრანტიც მოიპოვა, სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ ვერ დაამთავრა. მეორე კურსზე იყო, როცა „დინამოში“ გადავიდა და მთავარი მოთამაშე გახდა. მითხრა: დედა, ორი საქმე ერთად არ გამოვაო და უნივერსიტეტის მიტოვება მოუხდა. ძველად სპორტსმენებს ძალიან დიდი შეღავათები ჰქონდათ და კარგი იქნება, დასწრების მხრივ ახლაც ასე იყოს.

– ოჯახი და ოჯახური ცხოვრება…

– ძალიან რთულია მისი მეუღლისთვისაც და მით უმეტეს, გიორგისთვის. ახალგაზრდა ადამიანისთვის რთულია, როცა მეუღლე ყოველთვის გვერდით არ გყავს. ბუნებრივია, შვილებიც აქ ჰყავს. რამდენჯერაც დრო გამოუჩნდება, შვილებისა და მეუღლის სანახავად ჩამოდის. საბედნიეროდ, ირანი ძალიან ახლოსაა, ერთი საათი უნდა ფრენას. აეროპორტში გიორგის რომ ხედავენ, ისეთ პატივისცემაში ჰყავთ, რომ საუკეთესო ადგილას სვამენ, მეფესავით მოდის ხოლმე (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g