LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმიას ეკა კახიანმა დიდი ხნის დანაპირები აუსრულა: „ძალიან ლამაზი მუსიკალური ვიდეო გამოგვივიდა, რომელიც რატი დურგლიშვილის სახლში გადავიღეთ…“

2001
ლელა-წურწუმია-&-ეკა-კახიანი

რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „არტ-FM“-ს ეკა კახიანი და ლელა წურწუმია სტუმრობდნენ ახალი სიმღერის – „შენთან ერთად“ პრემიერით.

ეკა კახიანი:

ყოველთვის ძალიან მინდოდა, რომ ლელას ჩემი სიმღერა შეესრულებინა, თუმცა აქამდე რატომღაც არ გამოდიოდა. რამდენიმე თემა მოვასმენინე და ის აირჩია, რომელიც მისთვის ყველაზე ახლობელი აღმოჩნდა. სიმღერის ტექსტზე ირინა სანიკიძემ, არანჟირებაზე გიგა კუხიანიძემ იმუშავეს, სიმღერა კი ლელამ და მაკა ზამბახიძემ შეასრულეს დუეტში.

ლელა წურწუმია:

ეკა დიდი ხნის წინ შემპირდა სიმღერის დაწერას, საბოლოოდ, როგორც იქნა, სახლში შემოვიტყუე და სწორედ იქ მოვისმინე პირველად „შენთან ერთად“. თუმცა, სიმღერა ჯერ არ იყო სრულყოფილი, ამიტომ გიგას დახმარება დაგვჭირდა. ყველაფერი ძალიან ოპერატიულად მოხდა, ირინამაც რამდენიმე დღეში შექმნა არაჩვეულებრივი ტექსტი. თავიდან მარტოს უნდა მემღერა, თუმცა მამულიჩას რჩევით, მე და მაკამ დუეტში ჩავწერეთ. ძალიან პოზიტიური კომპოზიცია გამოვიდა, ამიტომ კლიპიც შესაბამისი უნდა ჰქონოდა. საბოლოოდ, ძალიან ლამაზი მუსიკალური ვიდეო გამოგვივიდა, რომელიც რატი დურგლიშვილის სახლში გადავიღეთ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მამულიჩას წვლილი, რომელიც ძალიან დიდი როლს ასრულებს როგორც ჩემს ცხოვრებაში, ისე კარიერაში, რადგან ყველაფრის ორგანიზებას ასწრებს და უზარმაზარ შავ სამუშაოს აკეთებს. მართალია, ზოგჯერ ვბრაზდები, რადგან ძალიან მომთხოვნია და ყველაფრის სწრაფად გაკეთება უნდა, მაგრამ მერე ვხვდები, რომ სწორად იქცევა, რადგან დრო ყოველთვის ცოტაა, გასაკეთებელი კი, ძალიან ბევრი.

სხვათა შორის, მამულიჩას არასდროს მოსწონდა ქართული სიმღერები, თუმცა ჩვენი გაცნობისა და დაახლოების შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა წარმოდგენა ქართულ ესტრადაზე. პირველი ერთობლივი კონცერტი 2000 წელს გავაკეთეთ. არაჩვეულებრივი კონცერტი გამოვიდა, მით უფრო, იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც იმ პერიოდში იყო. ქვეყანა ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდა, ჩვენი შოუ კი, მართლაც ახალ სიტყვად იქცა ქართულ შოუბიზნესში. 1990-იანი წლების ბოლოს პირველად გაჩნდა MTV და FashionTV, რომლებმაც უამრავი სიახლე შემოიტანეს ჩვენს ცხოვრებაში და აბსოლუტურად განსხვავებულად დაგვანახვეს როგორც მოდა, ისე მუსიკა. სწორედ ამგვარმა სიახლეებმა შთაგვაგონა კონცერტის გაკეთება, რომელიც ბევრს დღემდე ახსოვს. იმ პერიოდში კარგი არტისტების მოზღვავება იყო, ამიტომ ბევრმა შეძლო კარგი კონცერტის მოწყობა.  

„შენთან ერთად“

ეკა კახიანი:

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ლელას ოპერატიულობა, რადგან მართლაც საოცარი სისწრაფით შეძლო სიმღერის ჩაწერა. ლელა ყოველთვის შედეგიანად მუშაობს და არასდროს კარგავს დროს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 100 ჰიტი აქვს.

წლების წინ, როცა თბილისში ომი იყო, თუმანიშვილის თეატრში ვიყავი, სადაც ბატონ მიშასთან ერთად შექსპირის „ზაფხულის სიზმარი“ დავდგით. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, არავის ჰქონდა სცენაზე გამოსვლის განწყობა, თუმცა ვფიქრობ, სწორედ მუშაობამ გადაგვარჩინა. სხვათა შორის, მოგვიანებით სპექტაკლი ლონდონში დაიდგა, სადაც აღფრთოვანდნენ ჩვენით, რადგან ყველას ძალიან გაუკვირდა, როგორ შევძელით ასეთ სიტუაციაში სპექტაკლის დადგმა.

ახლო მომავალში სოლოკონცერტის გამართვას ვგეგმავ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. გასულ წელს საიუბილეო წელი მქონდა, მაშინ მინდოდა კონცერტის გაკეთება, მაგრამ არ გამოვიდა და წელს გადავწყვიტე დანაკლისის ანაზღაურება. მართალია, ყოველთვის თავს ვიკავებ გრანდიოზული წარმოდგენებისგან, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე კონცერტის ფილარმონიაში გაკეთება, რაც პირველ რიგში, ნინის დამსახურებაა.

უამრავი სიმღერა დაგროვდა და ჩავთვალე, რომ მასშტაბური საღამოს მოწყობის დრო მოვიდა. სავარაუდოდ კონცერტი 16 მაისს გაიმართება, ამიტომ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. საღამოზე საავტორო სიმღერებთან ერთად მცირე ეპიზოდებიც შესრულდება ჩემი სპექტაკლებიდან.

ლელა წურწუმია:

მართალია, ეკასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, მაგრამ არასდროს გვქონია შემოქმედებითი თანამშრომლობა. მისი ბევრი სიმღერა მომწონს, რამდენიმეს შესრულებაც კი მინდოდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ჩემთვის ახალ კომპოზიციას შექმნიდა.

ბევრი ახალი სიმღერა მაქვს, კომპოზიცია „გზები“ ბატონმა ვაჟა დურგლიშვილმა შექმნა და ემიგრანტებს მიეძღვნა, ძალიან ლამაზი სიმღერა დამიწერა ჩემმა პიანისტმა ნიკა ადიკაშვილმაც, რომელზეც ჩემი დისშვილი აკეთებს კლიპს ხელოვნური ინტელექტით. გარდა ამისა, ეკას კიდევ ერთ ძველი კომპოზიციაზე და ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე ვმუშაობ, რომელიც წლების წინ შეიქმნა, თუმცა აქამდე ჩაწერა ვერ მოვახერხე.  ვფიქრობ, ყველა სიმღერას თავისი დრო აქვს. მაგალითად, ეკას კომპოზიცია ძალიან სწრაფად გაკეთდა, ლილიკოს სიმღერაზე მუშაობა კი, მთელი 7 წლით გადაიდო.

არაჩვეულებრივი ბენდი მყავს, რომლითაც ძალიან ვამაყობ, რადგან დიდი ფუფუნებაა კარგი მუსიკოსების ერთად შეკრება. სავარაუდოდ, მალე იტალიაში გავმართავ კონცერტს, ჯერ მოლაპარაკება მიმდინარეობს იტალიურ მხარესთან, ამიტომ დაზუსტებით თარიღი არ ვიცი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g