ლექს-სენი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. მას დაბადების დღე 18 ივლისს ჰქონდა, რეპერმა უპასუხა ჟურნალისთვის კითხვას ასაკთან დაკავშირებით.
ასაკთან ერთად, როგორ იცვლება ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება?
ხშირად მესმის, უკვე ამხელა კაცი ხარ და ასე შემდეგ… არ მაქვს დალხენილი ცხოვრება, იქიდან გამომდინარე, როგორ ქვეყანაშიც ვცხოვრობ. სტრესმა რომ ჯანმრთელობა და ნერვები არ შეიწიროს, უნდა ეცადო, შენი თავი თავად გაახალისო. მეც ვცდილობ, მუდმივად პოზიტიური ვიყო და მოსაწყენ ციფრებს ასე ვებრძოლო. შეიძლება, ბევრი სირთულიდან გამომდინარე, ხასიათიც დაგიმძიმდეს, მაგრამ ყველაფერი შინაგანი სამყაროდან მოდის. ხომ გინახავთ 60 წლის ადამიანი, რომელიც ისე გამოიყურება, როგორც 30-ის, მორალურადაც და მენტალურადაც ძალიან მხნედ გრძნობს თავს. ასე ნამდვილად ჯობს და ჩვენი თავი თუ ჩვენ თვითონ არ გავამხნევეთ, რა თქმა უნდა, ჩაგითრევს სირთულეები. ჩვენი განწყობა დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მდგომარეობას, თორემ ცხოვრების კანონზომიერებას ვერ გაექცევი. რაც არ უნდა ებრძოლო ასაკსა და ნაოჭებს, პროცესს ვერ გააჩერებ, ჯერ ასეთი სამყაროში არაფერი შექმნილა, ამიტომ ყველაზე მეტად საკუთარი თავის გამხნევება დაგვეხმარება.