პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნეგატიურ შეფასებებს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
„გვესმის, რომ პოლიტიკური კონკურენცია და პოლიტიკური პროცესები თავის თავში გულისხმობს კონკურენციას და შეჯიბრებითობას, სხვადასხვა საკითხზე პოლემიკას, მაგრამ ვფიქრობ, ხანდახან არსებობს ეთიკის ზღვრები და მორალური შემზღუდავი ფაქტორები, რომელზეც მე ხშირად ვსაუბრობდი ხოლმე და ერთ-ერთი ასეთი ეკონომიკური პროცესებია. ეს თემა არის საკმაოდ მგრძნობიარე და არ არის კონკრეტულად ერთი ჯგუფის წარმატება ან წარუმატებლობა. ეს არის მოქალაქეების კეთილდღეობასთან პირდაპირ დაკავშირებული, ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკური პროცესების ზიანზე, ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ხშირად მსგავსი უსაფუძვლო განცხადებები საქართველოს ეკონომიკაზე ვრცელდება ისეთი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ ისინი წარმოადგენენ ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს და განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ. „პრემიერის განცხადება და შეფასება იყო ძალიან მკაფიო და საზოგადოებისთვის გასაგები. საზოგადოებამ თავად უნდა შეაფასოს, რეალობა ერთია და პოლიტიკოსების განცხადებები და პროგნოზები, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის, საბედნიეროდ, არ სრულდება, განსხვავებული,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.