LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – კაპიტალის ბაზრის განვითარება მთავრობის სტრუქტურული რეფორმების ერთი-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულებაა

164
ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

ლევან დავითაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ სურათში კაპიტალის ბაზრის მნიშვნელობაზე, მისი განვითარების მთავარ ასპექტებსა და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე  ისაუბრა.

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით და „შუა დერეფნის“ როლის მორგებით საქართველოს ამბიცია აქვს, ფინანსური მომსახურების რეგიონალური ცენტრი გახდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს რეგიონში საშუალო კლასისა და დოვლათის ზრდას მეტი გრძელვადიანი კაპიტალის მობილიზება შეუძლია,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მთავარი ტენდენციები შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმების და ფართო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად საქართველოს ეკონომიკამ სტაბილურობა შეინარჩუნა კოვიდპანდემიისა და რეგიონში გეოპოლიტიკური კრიზისის დროს.  რაც შეეხება კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის საჭირო მაკროეკონომიკურ ტენდენციებს, ლევან დავითაშვილის შეფასებით, ყველა პარამეტრი არსებობს იმისთვის, რომ კაპიტალის ბაზარი გააქტიურდეს, ამ პროცესის მხარდასაჭერად კი მთავრობა შესაბამის პოლიტიკას ატარებს.

„საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვან სტრუქტურულ ტრანსფორმაციას განიცდის. ერთი მხრივ, სახეზეა გრძელვადიანი შიდა კაპიტალის დაგროვების ტენდენცია, რომელიც გამოწვეულია საპენსიო და სადაზღვევო რეფორმებით და მეორე მხრივ, იზრდება მოთხოვნა გრძელვადიან კაპიტალზე, რომელიც გამოწვეულია ჩვენი განვითარების პოლიტიკით. ამ ორი მიმდინარე ტენდენციის დასაკავშირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კაპიტალის გრძელვადიანი განაწილების ეფექტური მექანიზმების შემუშავება. სწორედ ამ მიზნის მიღწევაა საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი კაპიტალის ბაზრის რეფორმის ფარგლებში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

თიბისი კაპიტალის მიერ ორგანიზებულ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაში საჯარო და კერძო, მათ შორის, საბანკო სექტორის, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობენ. კონფერენციაზე განიხილება კაპიტალის ბაზრების მიმდინარე აქტუალური საკითხები და ტენდენციები, განვითარების სურათი და პერსპექტივები როგორც ქვეყნის, ისე რეგიონულ და გლობალურ ჭრილში.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ღონისძიება დროული და მნიშვნელოვანია. საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, ბოლო პერიოდში კი ეს მთავრობის სტრუქტურული რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულებაა.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ძირითადად შესაბამის კანონმდებლობას ვაუმჯობესებდით, რათა შეგვექმნა კაპიტალის ბაზრისათვის საჭირო მდგრადი და განჭვრეტადი სამართლებრივი გარემო, რაც ასევე აუცილებელია სხვადასხვა ინსტრუმენტების გაჩენისათვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის და ინვესტორებთა ბაზის დივერსიფიკაციისათვის. მივიღეთ ახალი საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი და დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი, ასევე შევიმუშავეთ სეკურიტიზაციისა და იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩოები. ვფიქრობთ, ჩვენი მხარდაჭერა უნდა გასცდეს საკანონმდებლო რეფორმების ფარგლებს და ბაზარს სხვადასხვა ინტერვენციებითაც უნდა დავუჭიროთ მხარი. მიმდინარე წლიდან ჩვენი სააგენტოების მეშვეობით დავნერგავთ სხვადასხვა ინსტრუმენტებს – როგორც ფასიანი ქაღალდების გამოშვების, ასევე საინვესტიციო ფონდების ზრდის მხარდასაჭერად“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

mazda magti 5g