„მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, როგორ წარიმართება მსოფლიოში პროცესები. საქართველო საერთაშორისო ეკონომიკური პროცესების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ინტეგრირებულნი ვართ მსოფლიო ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე, ჩვენზე მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება. ამიტომ ყველაფრის დაზუსტებით პროგნოზირება დღეს რთულია, თუმცა იმ ტენდენციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს და ვუყურებთ მარტის განმავლობაში, მოლოდინი გვაქვს, რომ აპრილი, მაისი და შემდგომი თვეები კიდევ უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს და გაუმჯობესებას ველოდებით. ჩვენი შეფასებით, 2025 წელს დაგეგმილ 6 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანიისთვის „რუსთავი 2“ მიცემულ ინტერვიუში.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სწორედ მაღალი ეკონომიკური ზრდით იქნება შესაძლებელი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება. მისი თქმით, 2019 წელს, პანდემიამდე, საქართველოში მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაფუძნებული მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის, დაახლოებით, 34 პროცენტს შეადგენდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 44 პროცენტამდე გაიზარდა. „ვფიქრობთ, რომ 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი საშუალოდ 50 პროცენტი უნდა იყოს. ასეთი დინამიკაა, თუ როგორ ვუახლოვდებით განვითარებულ ქვეყნებს, რამდენად ახლოს მიდის ჩვენი ცხოვრების დონე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021-2024 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით, 2-ჯერ მეტად აღემატებოდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ჩვენი ზრდის ტემპი იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ევროპის საშუალო დონეს უფრო სწრაფად უნდა მივაღწიოთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, შეიძლება ადამიანებმა თქვან, რომ ეკონომიკური ზრდის გადანაწილება არ არის თანაბარი. „ინკლუზიურობა და ის, რომ მეტად თანაბრად გადანაწილდეს, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამიტომაც ვიღებთ ისეთი გადაწყვეტილებებს, რომლებიც გულისხმობს მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, იგივე რეგიონული მიმართულებით მეტ აქტიურობას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა დასაქმების ზრდასა და უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირებაზე.
„მხოლოდ დასაქმების შედეგად შეიძლება მივაღწიოთ ცხოვრების დონის მეტ გაუმჯობესებას. ჩვენ 2024 წელს უმუშევრობა 13.9 პროცენტამდე შევამცირეთ და 2028 წლისთვის ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ვუმიზნებთ – ეს არის, დაახლოებით, 4 პროცენტიანი უმუშევრობა, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი, ვისაც დასაქმების სურვილი და უნარი აქვს, დასაქმდება. ასევე მნიშვნელოვანია შემოსავალიც – 2024 წელს საშუალოდ დასაქმებულთა საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 16 პროცენტით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით, ხოლო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 58 პროცენტით არის გაზრდილი“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
„შორს ვარ იდეისგან, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა და არც ილუზია არ გამაჩნია, რომ საქართველოში ხალხს არ უჭირს. ჩვენ ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი სიღარიბის დონე გვაქვს. თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პანდემიიდან დღემდე, 300 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი. ბოლო მონაცემებით, სიღარიბე არის 11.6 პროცენტი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსახლეობის თითქმის მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო, აქედან გამომდინარე, რეალურად პროგრესი არის“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.