LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება, ის ინკლუზიურია და პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან

127
ლევან დავითაშვილი

საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ უძრავი ქონების კვირეული გაიხსნა. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას დეველოპერული და სამშენებლო სექტორების ზრდა-განვითარების მნიშვნელობასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში მათ როლზე ისაუბრა. 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორის განვითარება, ის პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან, საკმაოდ ინკლუზიურია და მასში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ ბევრი ჯგუფია ჩართული. დეველოპერულ და სამშენებლო სექტორს ასევე დიდი როლი აქვს ქვეყნის სივრცითი განვითარების კუთხით. ხარისხიანი სამშენებლო სექტორი საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას დეველოპერების მიერ, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ქვეყანაში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

უძრავი ქონების კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც „ექსპო ჯორჯიასა“ და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) მიერაა ორგანიზებული.

კვირეულის ფარგლებში სამი ღონისძიება ტარდება: უძრავი ქონების გამოფენა, სამშენებლო გამოფენა – Caucasus Build და უძრავი ქონების ფორუმი.

კვირეულში, 45 დეველოპერულ და 10-ზე მეტ საბროკერო კომპანიასთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა  და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო“ და სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“ მონაწილეობენ.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კვირეული სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ადგილობრივ საზოგადოებას, პოტენციურ ინვესტორებს კი ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ, შედგეს კომერციული გარიგებები და დამყარდეს საქმიანი კონტაქტები.  

ლევან დავითაშვილმა ყურადღება განსაკუთრებულად გაამახვილა ეკონომიკის სამინისტროს როლზე სექტორის შემდგომი, სტაბილურად განვითარებისა და  კონკურენტული გარემოს არსებობის მიზნით გატარებულ რეფორმებსა და მარეგულირებელი გადაწყვეტილებებზე. მისი ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკოდების დანერგვაზე – მიმდინარე და მომავალ წელს უნდა დასრულდეს ევროკოდების ადაპტაცია საქართველოში და გარდამავალი პერიოდის შემდეგ ქვეყანა სრულად უნდა იყოს თანხვედრაში ევროპის მოთხოვნებთან უფრო ხარისხიანი, მდგრადი და გამძლე შენობა-ნაგებობების მხრივ. ამასთან, მშენებლობის სექტორში გავრცელებული სამშენებლო მასალების, მშენებლობის პრაქტიკის და ევროკოდების დანერგვისთვის მიმდინარეობს ასევე ევრონორმების იმპლემენტაციის პროცესის კოორდინაცია. სამინისტრომ უკვე დაასრულა შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მოთხოვნებზე მუშაობა, მომზადდა ევროპული სტანდარტის შესაბამისად რეგლამენტი. ასევე ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მოთხოვნების შემუშავება, ჩამოყალიბდა არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების სისტემა და ა.შ. 

„მასტიმულირებელი ღონისძიებები, რომლებიც უძრავი ქონების ბაზარს დაეხმარება, კიდევ გაგრძელდება. გვაქვს გარკვეული მონახაზები, რომლებიც გვინდა, მიმდინარე წელს გამოვიყენოთ. ისინი, ერთი მხრივ, პირდაპირ კავშირშია სექტორის განვითარებასთან, მეორე მხრივ კი, ეკონომიკურ ზრდასთან“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g