პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა საქართველო უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ამ კუთხით გაწეული დახმარებისთვის.
„ჩვენ აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს არამხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით. ღირებულია ზოგადად საქართველოს პრიორიტეტების კუთხით აშშ-ის მხარდაჭერა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის პრიორიტეტულობა და ევროინტეგრაციის პროცესში აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, მათ შორის, სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბლოკია, რომელიც სურსათის უვნებლობიდან დაწყებული, დარგის მოდერნიზაციის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებით, არაერთ მიმართულებას მოიცავს. აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრი აღნიშნავს, ქვეყანას სჭირდება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის გაძლიერების კუთხით, რაშიც დიდი იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამის და ზოგადად აშშ-ის წვლილი. მინისტრის შეფასებით, პროგრამა ჩვენს ქვეყნებს შორის სექტორული პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია.
„პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა და ამ დახმარებამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო არა მხოლოდ ინდივიდუალურად, კონკრეტული ბენეფიციარებისთვის, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარებაში. პროგრამა შედეგიანი იყო ბევრი კუთხით – სოფლის მეურნეობის ამა თუ იმ მიმართულების მოდერნიზაცია, ასევე ინსტიტუციური გაძლიერება, სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა. ფაქტობრივად, ეს ეხებოდა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ყველა მიმართულებას. ექსპორტზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარება, ისევე, როგორც ზოგადად ეკონომიკაში ექსპორტის განვითარება და ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროგრამამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პრაქტიკულად, საქართველოს ყველა რეგიონში შეუწყო ხელი სხვადასხვა აგრობიზნესებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, მათ დაძლევას და შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას. განხორციელდა 30 მილიონი აშშ დოლარის თანაინვესტიცია, პროგრამის ბენეფიციარმა საწარმოებმა კი გაყიდვები 148 მილიონი აშშ დოლარით გაზარდეს.
ღონისძიება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე ორგანიზაციებმა და კერძო სექტორმა.