LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, პოტენციური პარტნიორია

128
ლეო

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შესაბამისად, მთავრობის მიზანია, ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან მოიზიდოს როგორც ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების, ასევე  ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პოტენციური პარტნიორია საუდის არაბეთი, რომელსაც სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის უმსხვილესი ეკონომიკა აქვს.

„ჩვენი პრიორიტეტია საუდის არაბეთის სამეფოსთან – ყურის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან და უფრო ფართოდ – არაბულ სამყაროსთან ურთიერთობების განმტკიცება. ბოლო წლებში, გასული წლის ჩათვლით, ჩვენ შევინარჩუნეთ მზარდი ტენდენცია ორმხრივი ვაჭრობის, ასევე საუდის არაბეთის ინვესტიციების მიმართულებით. გარდა ამისა, საუდის არაბეთიდან ინვესტიციების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად იმუშაოს ორ ქვეყანას შორის „ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფორუმზე პირველმა ვიცე-პრემიერმა საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებს საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები და საინვესტიციო კლიმატი გააცნო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ ფორუმზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაცვალეს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.