LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები კიდევ უფრო აქტიური და დაჩქარებული უნდა იყოს

110
ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-8 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი.

მინისტერიალში ასევე მონაწილეობდნენ: რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პეტერ სიიარტო, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ივა პეტროვა, რუმინეთის მთავრობის გენერალური მდივანი მირჩა აბრუდეანი და ევროკომისიის წარმომადგენელი სირილ ლუაზელი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის მიმართულებით. მისი თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ამ პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მონაწილე ენერგეტიკულ კომპანიებს შორის შეთანხმებაზე ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა ვალდებულებას, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი იყოს წარმატებული.

მინისტერიალზე იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ „CESI“ გამართა პრეზენტაცია მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესახებ.

საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მინისტრებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა, მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოაწერეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების” ცვლილების ოქმს.

მინისტერიალზე ასევე გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ოთხი ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორების (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „აზერენერჯი“, National Power Grid Company Transelectrica S.A (რუმინეთი) და „MVM Zrt” (უნგრეთი)) მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები